თეა წულუკიანი: თუ საქართველოს წინაშე მიგრანტების მიღების შუამდგომლობა დადგება, მას შესაბამისი სამინისტროები განიხილავენ

თუ საქართველოს წინაშე სირიელი მიგრანტების მიღების შუამდგომლობა დადგება, მას შესაბამისი სამინისტროები განიხილავენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ევროპარლამენტის დეპუტატის, საქართველოს საკითხზე მომხსენებლის ანდრეი მამიკინსის იმ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, თბილისმა ევროკავშირის პოლიტიკასთან სოლიდარობის ნიშნად შესაძლოა სირიელი მიგრანტები მიიღოს.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ყველამ ვიცით, რომ ევროკავშირში უპრეცენდენტო მიგრაციის კრიზისია. "ჩვენ ვნახეთ ზღვაში გამორიყული გარდაცვლილი ბავშვები და რა თქმა უნდა, ყველა ქვეყნის წინაშე, რომელიც ცივილიზებული დემოკრატიის ქვეყნებია, დგას კითხვის ნიშანი, უნდა უმასპინძლოს თუ არა ამა თუ იმ ქვეყანამ ასეთ ბავშვებს, მათ მშობლებს. საქართველოს წინაშე რაიმე ტიპის მოთხოვნა არ დგას, თუმცა თუკი ამგვარი თხოვნა თუ შუამდგომლობა დადგება, მას განიხილავენ შესაბამისი სამინისტროები და მთავრობა მიიღებს ინფორმირებულ გადაწყვეტილებას", - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, საქართველო არასდროს ყოფილა ის ქვეყანა, რომელიც ბავშვებს, ქალებს, რომლებსაც სიკვდილი ემუქრებათ, არ დახმარებოდა. "თუმცა ამ წუთში ეს თემა განსახილველად არ დგას", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.