სახელმწიფო აუდიტის სამსახური: საჯარო დაწესებულებებში პრემიების შემცირების პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა დანამატის მოცულობა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, საჯარო დაწესებულებებში პრემიების გაცემის შემცირების პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელფასო დანამატის სახით გაცემული სახსრების მოცულობა.

პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის დინამიკაზე გენერალური აუდიტორის მოადგილემ, დევი ვეფხვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც 2016 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა წარადგინა. დევი ვეფხვაძის განცხადებით, პრემიებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება საკითხის დარეგულირებას ვერ უზრუნველყოფს.  "აღსანიშნავია მთავრობის #449 დადგენილება სახელმწიფო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ, რომელმაც საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ წლის განმავლობაში გასაცემი პრემიების მოცულობა და პერიოდულობა შეზღუდა. 2015 წლის განმავლობაში, გასულ წელთან შედარებით პრემიის მუხლით გაცემული სახსრები შემცირდა – საშუალოდ თვიურად 50%-ით, პარალელურად მნიშვნელოვნად გაიზარდა - საშუალოდ თვიურად 36.9%-ით დანამატის მუხლით გაცემული სახსრების მოცულობა. შედეგად საბიუჯეტო ორგანიზაციების მხრიდან ადგილი ჰქონდა პრემიების დანამატით ჩანაცვლების ფაქტს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, ზემოთაღნიშნული დადგენილება საკითხის დარეგულირებას ვერ უზრუნველყოფს. შესაბამისად, მიზანშეწონილია შემუშავდეს ქმედითი მექანიზმი საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებზე პრემიის და დანამატის გაცემის საკითხის დარეგულირების მიზნით", - განაცხადა დევი ვეფხვაძემ.