ბიუჯეტის პროექტის ღირსებები და ჩრდილოვანი მხარეები

"მომავალი წლის ბიუჯეტში ბიზნესს განსაკუთრებული ადგილი უნდა დაეთმოს"

2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში 2 ოქტომბერს შევიდა და მაშინვე მიიქცია საქმიანი წრეების, ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის და ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანების ყურადღება. მომავალი წლის ბიუჯეტის ავკარგიანობაზე ბევრს მსჯელობენ: საქმე ის არის, რომ საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ეკონომიკის 3%-იან ზრდაზეა გათვლილი, ეს მაშინ, როცა 2016 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 356,6 მილიონი ლარით იზრდება, ეს 4,45%-ით მეტია 2015 წლის ხარჯებზე. ამავე დროს, დაგეგმილია სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების 404 მილიონი ლარით ზრდა, რაც 5,08 %-ით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს.

ოპონენტები ასეთ შეკითხვას სვამენ - თუ 2015 წელს სახელმწიფო ხარჯების შემცირებაზე აკეთებდა აქცენტს, რა საჭირო იყო საბიუჯეტო ხარჯების გაზრდა? მომავალი წლის ბიუჯეტის ნაკლოვანებად სოციალური ხარჯების ზრდასაც ასახელებენ და აცხადებენ, რომ ბიუჯეტში სოციალური დანახარჯების გაზრდა იმითაც არის გამოწვეული, რომ 2016 წელი საარჩევნო წელია. გარდა ამისა, ბიუჯეტის პროექტის ჩრდილოვან მხარედ საგადასახადო შემოსავლების არასრულფასოვანი პროგნოზირება და ინფრასტრუქტურის ხარჯების სიმცირე სახელდება - 2016 წელს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება მხოლოდ 5 მილიონი ლარით იზრდება და 950 მილიონი ლარია.

ამავე დროს, თითქმის ყველა აღიარებს, რომ მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი შეიძლება პროგრამულად ჩაითვალოს: აქ გაწერილია ყველა ძირითადი პარამეტრი, რაც პროგრამულ ბიუჯეტს სჭირდება. მთავრობამ პირველად წარმოადგინა ფისკალური სექტორის 2015-2019 წლების მაკროეკონომიკური რისკების ანალიზი, რასაც ბიუჯეტის პროექტის მთავარ ღირსებად მიიჩნევენ.

ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი მართლაც არის სოციალურ ხარჯებზე ორიენტირებული.

სოსო არჩვაძე:  თავდაპირველად უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს მხოლოდ ბიუჯეტის პროექტია და არა - ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი. საბოლოო ვარიანტი შეიძლება ძირეულად განსხვავებული იყოს, მაგრამ ტენდენციები მაინც ჩანს. 2016 წლის ბიუჯეტში აშკარად იგრძნობა სოციალური ხარჯების ზრდა: 7-8 წლის წინ ისეთი სფეროების დაფინანსება, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა, მეცნიერება, კულტურა და სოციალური დაცვა, ბიუჯეტის ხარჯების 34 პროცენტს მოიცავდა, 2016 წელს კი, ამ ტიპის ხარჯების წილი ბიუჯეტში 48,4 პროცენტი იქნება. ბიუჯეტი აშკარად სოციალურ ხარჯებზეა ორიენტირებული, რის გამოც ვერ ხერხდება თანხების მაქსიმალურად მობილიზება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც თავის მხრივ, სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს. ბიუჯეტის პროექტიდან ჩანს, რომ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა განათლებასა და ჯანდაცვას. ამ სფეროების სასარგებლოდ ხარჯები იზრდება. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ხარჯების ზრდაც აშკარაა. გარდა ამისა, ქვეყანას აქვს ძველი ვალები ამ ვალდებულებების გასასტუმრებლად და პროცენტის მომსახურებისთვის ჩვენ თითქმის 0,5 მილიარდი ლარის გაღება დაგვჭირდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

სოსო არჩვაძის შეფასებით, ჩვენ ძალიან ძვირი გვიჯდება სახელმწიფო სექტორის ანუ ხელისუფლების შენახვა.

"საერთოდ, ხელისუფლების შენახვის ხარჯები მშპ-ის 1,5-2 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს, ჩვენ ამ ოპტიმალურ მაჩვენებელს დაახლოებით 4-ჯერ მაინც ვუსწრებთ ანუ ხელისუფლება საკმაოდ ძვირი გვიჯდება. სახელმწიფო ხარჯებისთვის 1 მილიარდ ლარზე მეტია გათვალისწინებული. მთლიანობაში ეს ძალიან დიდი თანხაა და მშპ-ის 6,1%-ს შეადგენს მაშინ, როდესაც მსოფლიო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ყველაზე საუკეთესო, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი სწორედ მშპ-ის 1,5-2%-ია. არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია, რამდენად ოპტიმალურად არის საბიუჯეტო სახსრები გადანაწილებული", - აღნიშნავს სოსო არჩვაძე.

2016 წლის ბიუჯეტის პროექტზე ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ მიხეილ თოქმაჯიშვილსაც ვესაუბრეთ. მისი თქმით, დიდი დაკვირვება არ სჭირდება იმას, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებულია.

"სწორედ ეს არის ერთ-ერთი კრიტიკის ობიექტი ოპოზიციისთვის, რომელიც მიიჩნევს, რომ აქცენტი უნდა კეთდებოდეს ისეთ სფეროებზე, რომლებიც ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს. უნდა იყოს თუ არა ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული? - ჩვენისთანა ქვეყანაში უნდა იყოს, მაგრამ ეს დალხინებული ყოფით არ არის გამოწვეული. ქვეყანაში ეკონომიკის 3%-იანი ზრდაა დაგეგმილი, შემოსავლების ზრდა კი 4%-ის ფარგლებშია, რაც ნამდვილად არ არის შესაშური მაჩვენებლები. სოციალური ხარჯები - ეს ის მოთხოვნაა, რომელიც ხალხმა მისცა ხელისუფლებას. არ შეიძლება ერთდროულად ეკონომიკის სტიმულირებაზეც იზრუნო და ხალხიც კმაყოფილი გყავდეს, არჩევანი ერთ-ერთის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს", - ამბობს მიხეილ თოქმაჯიშვილი.

ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც ასევე კრიტიკის ობიექტი გახდა, ინფრასტრუქტურული პროექტების მწირი დაფინანსება და სახელმწიფო ხარჯების ზრდაა, მაგრამ მოდით რეალურად შევხედოთ ამ სიტუაციას: თუ ხელფასების წილი პროცენტულად უფრო მეტად იზრდება, ვიდრე მთლიანად საბიუჯეტო შემოსავლები, მაშინ ეს უარყოფითი მოვლენაა, მაგრამ ასე არ ხდება. ხელფასების ზრდის ტემპი აშკარად ჩამორჩება საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას. თუ შევადარებთ, როგორ იზრდებოდა ჩინოვნიკთა ხელფასები 2004-2012 წლებში და მერე - 2013-2015 წლებში, დავინახავთ, რომ ეს სხვაობა ცასა და დედამიწას შორის სხვაობის ტოლფასია - ხელფასების ზრდის ტემპი არ აღემატება მშპ-ის და ბიუჯეტის შემოსავლების ზრდას. მთავარი მშპ-თან შედარებაა. ციფრებით მანიპულაცია კი ძალიან ხშირად ცრუ ილუზიებს წარმოქმნის.

მიხეილ თოქმაჯიშვილი აღნიშნავს, რომ ბიუჯეტში აუცილებლად უნდა გამოიყოს სახსრები ბიზნესის ხელშეწყობისთვის.

"ჩემი აზრით, ბიზნესს გამორჩეული ყურადღება უნდა მიექცეს. იმისათვის, რომ ქვეყანაში ბიზნესი განვითარდეს და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას, სპეციალური ფონდიც უნდა შეიქმნას და ბიუჯეტიდან დახმარებებიც უნდა გამოიყოს. თუ აქცენტს მეწარმეობის განვითარებაზე გადავიტანთ, დადებით შედეგს უახლოეს მომავალში დავინახავთ", -  ამბობს

მიხეილ თოქმაჯიშვილი.

ხათუნა ჩიგოგიძე