სტიქიამ გურიაში გზები, ხიდები და საცხოვრებელი სახლები დააზიანა

სტიქიამ გურიაში გზები, ხიდები, მრავალბინიანი საცხოვრებელი და კერძო სახლები დააზიანა. გურიის გუბერნიის ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარე სუფსამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები და მუშათა დროებითი საცხოვრებელი დატბორა; ჩაინგრა სოფელ გაგურთან დამაკავშირებელი ხიდიც. ღამით მომხდარი სტიქიის შედეგად, ასევე, დაზიანდა ქალაქ ოზურგეთში მრავალბიანიანი და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების სახურავები. ქარმა წააქცია რამდენიმე ხე, რომელთაგანაც ერთი თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე მაღაზიას დაეცა და სახურავი დაუზიანა. სტიქიამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ოზურგეთის მუნიციპალიტეტსაც. დაზიანებულია საავტომობილო გზები, საყანე ფართობები და საცხოვრებელი სახლები.

დაბა ურეკში ძლიერმა ქარმა და წვიმამ ექვსი ხე წააქცია, დაზიანებულია გარე განათების სადენები, რომელთა აღდგენა დღეს დილიდან დაიწყო. ძლიერმა წვიმამ ჩოხატაურიც დააზარალა. დაიტბორა დაბის რამდენიმე ქუჩა. დაზიანდა სოფელ კოხნარი-საჭამიასერის საავტომობილო გზაც. სწრაფად ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები და ამ დროისთვის გზა აღდგენილია. ადიდებულმა მდინარე გუბაზეულმა სოფელ ხიდისთავში საავტომობილო ხიდი დააზინა. გურიის გუბერნიის ცნობით, სტიქიის პირველივე წუთებიდან გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე იმყოფება. მათივე ინფორმაციით, არ არიან დაშავებულები; მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა გზები უკვე გაწმინდეს.

როგორც გურიის გუბერნიაში აცხადებენ, სპეციალური კომისია ზარალის დათვლას უკვე შეუდგა. შედეგების აღმოსაფხვრელად გუბერნიაში და მუნიციპალიტეტებში სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი შეიქმნა, რომელიც მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს შეისწავლის.