Jaguar და Alfa Romeo გერმანელებს დუელში იწვევენ

Jaguar და Alfa Romeo საშუალო ზომის პრემიუმ სეგმენტს უმიზნებენ და იმედი აქვთ, საკუთარ ადგილს იპოვიან ამ მეტად კონკურენტულ კლასში, სადაც გერმანელების დომინირება ათეული წლებია გრძელდება. როგორც ყველა სხვა კატეგორიაში, საშუალო ზომის პრემიუმ სეგმენტში, არამხოლოდ ევროპაში, არამედ მთელს მსოფლიოში, გერმანული სამეული უპირობო ლიდერია. Mercedes, BMW და Audi ამ კლასში მყარად დგანან და სხვა კონკურენტებს, პრაქტიკულად, არც სცნობენ. შეაბამისად, Jaguar-ისა და Alfa Romeo-ს სედანები XE და Giulia მძლავრი წნეხის ქვეშ აღმოჩნდებიან და მათ ძალიან გაუჭირდებათ კლიენტების მოზიდვა.

საშუალო ზომის პრემიუმ სედანების სეგმენტი ევროპაში შედარებით იკლებს, SUV კლასის სასარგებლოდ, და IHS Automotive-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, ის 2020 წლისთვის 6 პროცენტით შემცირდება. სეგმენტში გაყიდვების შემცირება ცუდი ამბავია ახალბედებისთვის.

Alfa Romeo Giulia, რომლის გაყიდვებიც მომავალ წელს დაიწყება, ანალიტიკოსების აზრით, გაყიდვების პიკში 22 ათასი ერთეულის რეალიზებას მოახერხებს

. ეს მოხდება 2018 წელს, მაშინ, როდესაც ევროპის მასშტაბით ამ დროს 150,000 C-class გაიყიდება, 140,000 A4 და 92,000 3 series. Fiat Chrysler-ის მმართველის სერჟიო მარიკონეს აზრით,  Giulia არის ”უკეთესი ვიდრე გერმანელები” .  თავად გერმანელები ასე არ ფიქრობენ. მაგალითად, აუდის შეფმა რუპერტ შტადლერმა იხუმრა კიდეც ”ვინ არის ალფა რომეოო”, შემდეგ მოიბოდიშა და განმარტა, რომ ისინი ჰორიზონტზე Mercedes-ისა და BMW-ს გარდა სხვა კონკურენტს ვერ ხედავენ. რაც შეეხება Jaguar XE-ს,  აგვისტოს ჩათვლით მისი მხოლოდ 6,146 ერთეულის გაყიდვა მოხერხდა. თუმცა, კომპანიაში სჯერათ, რომ შეძლებენ გერმანელებისგან კლიენტების გადაბირებას, ან სულაც ახალი კლიენტების გულის მოგებას. ცუდი პროგნოზი არ აქვთ ანალიტიკოსებსაც, იმის გათვალისწინებით, რომ დიდი ბრიტანეთი ევროპაში მეორე ქვეყანაა გერმანიის შემდეგ პრემიუმ სეგმენტის მოხმარებით. ამ მაჩვენებლით ისინი ბევრად აღემატებიან ევროპის სხვა ქვეყნებს.

bpn

ცნობისათვის, JATO Dynamics-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საშუალო ზომის პრემიუმ სეგმენტში ევროპის მასშტაბით 277,712 ავტომობილია გაყიდული და აქედან 80% სწორედ Mercedes-Benz C class-ს, BMW 3 series-ს და Audi A4-ს უკავია.

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გაყიდვები 11 პროცენტით არის გაზრდილი, რაც ნამდვილად ახალი თაობის Mercedes C class-ის გამოჩენით არის განპირობებული.  ის ლიდერია ამ კატეგორიაში, მაშინ როდესაც გასულ წელს მესამე ადგილზე იყო. მერსედესის ლიდერობა ვიზუალური ცვლილების გარდა მძლავრმა მარკეტინგულმა მიდგომამაც გამოიწვია. მაგალითისთვის, ბრიტანეთში ახალი ”ც კლასის” ყიდვა თვეში 335 დოლარად არის შესაძლებელი. რაც შეეხება სამომავლო პროგნოზს: IHS ანალიტიკოსების აზრით, 3 series მომავალ წელს მესამე ადგილზე გადაინაცვლებს. ამის მიზეზი კი,  ახალი Audi A4-ის გამოჩენაა, რომლის გაყიდვებიც ევროპაში ამ კვირაში დაიწყო. მათივე აზრით, მომავალ წელს ამ სეგმენტში გაყიდვები 640 ათასს მიაღწევს, თუმცა, 2020 წლისთვის 600,000-მდე შემცირდება.

კოკა კვირკველია