აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურებების საფასურის გადახდა უფრო მოსახერხებელი გახდა

აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურებების საფასურის გადახდა უფრო მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი გახდა. შესაბამის სამმხრივ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა სსიპ "აღსრულების ეროვნულ ბიუროს", სს "გაერთიანებულ ქლირინგ ცენტრსა" და სსიპ "მონაცემთა გაცვლის სააგენტოს" შორის.

ხელშეკრულების მიხედვით, ამოქმედდება პროექტი, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, აღსრულების ეროვნული ბიუროს სააღსრულებო საქმისწარმოების, პროკურატურის და სისხლის სამართლის ჯარიმების, გამარტივებული საქმისწარმოებისა და ფაქტების კონსტატაციის თანხები სწრაფი გადახდის აპარატების (PayBox) საშუალებით გადაიხადონ. აღსრულების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ახალი სერვისის ამუშავებით მოქალაქეებს აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისების თანხის გადახდა დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელადაც შეეძლებათ სწრაფი გადახდის აპარატების (PayBox) ინტერნეტმომსახურების მეშვეობით. მომხმარებლებს აღარ მოუწევთ ბანკების გრძელ რიგში დგომა, რადგან მათ ექნებათ შესაძლებლობა, სააღსრულებო საქმისწარმოების, პროკურატურისა და სისხლის სამართლის ჯარიმების, გამარტივებული საქმისწარმოებისა და ფაქტების კონსტატაციის თანხები ბევრად ოპერატიული, მოქნილი და მოსახერხებელი საშუალებით გადაიხადონ.