საქართველოში ,,გლობალური მეწარმეობის კვირეული" გაიმართება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ,,გლობალური მეწარმეობის კვირეულს" პარტნიორობას უკვე მეორედ გაუწევს. კვირეული ახალგაზრდა მეწარმეთა ასოციაციის ორგანიზებით, 16-21 ნოემბერს საქართველოში მეოთხედ გაიმართება. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე და უნარებისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი კინწურაშვილი გახსნის ღონისძიებაზე 16 ნოემბერს მიწვეულები არიან key note სპიკერებად. ასევე პანელური დისკუსიის ფარგლებში 16 და 17 ნოემბერს დისკუსიის მონაწილეები იქნებიან. დისკუსიის პირველი დღე მოიცავს თემებს: სახელმწიფოს მხარდამჭერი პროგრამები სტარტაპებისთვის და სტარტაპ ეკოსისტემის შეფასება - განვითარება, სირთულეები და გამოწვევები. მეორე დღის დისკუსია სტარტაპების დაფინანსებებსა და საინკუბაციო და სააქსელერაციო პროგრამებს შეეხება, რაშიც სააგენტოს უკვე აქვს გამოცდილება და კარგად იცნობს სფეროს სპეციფიკას.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, ,,გლობალური მეწარმეობის კვირეულის" პარტნიორობა და მის ფარგლებში დისკუსიებში მონაწილეობის მიღება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან კვირეული არის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პროექტი. ყოველწლიურად მის ფარგლებში 160-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება 35 000-ზე მეტი ღონისძიება, რომელშიც ჩართულია 10 მილიონზე მეტი ადამიანი. კვირეულის მიზანია მეწარმეობის პოპულარიზაცია და ახალგაზრდა თაობის მოტივაცია და მხარდაჭერა, რასაც აქტიურად ემსახურება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო. სააგენტო მონაწილეობს კერძო და სახელმწიფო სექტორის მიერ ცოდნის, ინოვაციების და კვლევის შედეგების კომერციალიზაციისა და ინოვაციური მეწარმეობის ხელშეწყობაში. სააგენტოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საინფორმაციო საზოგადოების ფორმირებისთვის აუცილებელი პროექტებისა და პროგრამების სახელმწიფო ერთიანი პოლიტიკის განხორციელების წარმართვა და კორდინირება.