საავტომობილო გზების დეპარტამენტი: ცენტრალურ მაგისტრალზე აღდგენითი სამუშაოები განმეორებითმა სტიქიამ შეაფერხა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ცენტრალურ მაგისტრალზე აღდგენითი სამუშაოები განმეორებითმა სტიქიამ შეაფერხა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე კილომეტრზე, ინტენსიური წვიმების შედეგად მდინარე ჩხარას ადიდების გამო დაზიანებულ საგზაო მონაკვეთზე სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისა და დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები წუხელ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.  "გამთენიისას, ინტენსიური წვიმის ფონზე, მდინარე ჩხარა ისევ ადიდდა და დაზიანებულ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები შეაფერხა. კერძოდ, ღამის განმავლობაში ჩალაგებული წყალგამტარი მილების წალეკვის თავიდან ასაცილებლად აუცილებელი გახდა მათი დემონტაჟი, შეფერხდა შედუღაბების სამუშაოებიც. თავიდან გადაირეცხა და დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. დილიდან დაიწყო განმეორებითი სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია და დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოებიც განახლდა. კერძოდ, იწმინდება მდინარის კალაპოტი და თავიდან ეწყობა წყალგამტარი მილები. სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და ავოტორანსპორტის მოძრაობა მაქსიმალურად მოკლე ვადებში იქნება აღდგენილი", - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ამ დროისთვის, მოძრაობა გადართულია ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.