პირველადი მონაცემებით, სტიქიის შედეგად რეგიონებში 200-ზე მეტი ელექტრობოძია გადატეხილი

კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" პირველადი მონაცემებით, სტიქიამ 200-ზე მეტი ელექტრობოძი დააზიანა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, საქართველოს რეგიონებში უამინდობის გამო გამოწვეული ენერგოშეზღუდვების შემცირების მიზნით სს "ენერგო-პრო ჯორჯია" საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

მათივე ინფორმაციით, კომპანიის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია ისევ არ მიეწოდება. "გრძელდება მუშაობა ამ აბონენტებისთვის ენერგომომარაგების აღსადგენად. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში; რთული მდგომარეობაა ჭიათურაში, სადაც "ენერგო-პრო ჯორჯიამ" სამუშაოების ოპერატიული წარმოებისთვის დამატებითი ტექნიკური ბრიგადები შეიყვანა. ადგილზე იმყოფება კომპანიის სათაო ოფისის ხელმძღვანელობა, რომელიც ზედამხედველობას უწევს სამუშაოების მიმდინარეობას. გუშინ, დღის მეორე ნახევარში უამინდობამ აღმოსავლეთ საქართველოში გადმოინაცვლა და აბონენტების ყველაზე დიდი რაოდენობა, ვისაც შეზღუდვით მიეწოდება ელექტროენერგია, არის შიდა ქართლსა და სამცხე ჯავახეთში; შედარებით მცირე, მაგრამ შეზღუდვებია ქვემო ქართლშიც. კომპანიის ზარალი სოლიდურია; პირველადი მონაცემებით, 200-ზე მეტი ელექტრობოძია გადატეხილი. სხვა სახის ზარალი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"ენერგო-პრო ჯორჯია" საგანგებო რეჟიმში იმუშავებს, ვიდრე სრულად არ აღდგება კომპანიის აბონენტების ენერგომომარაგება", - აცხადებენ კომპანიაში.