მედიკამენტების უკანონო შემოტანის ფაქტები დაფიქსირდა

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე მედიკამენტების უკანონო შემოტანის ფაქტები დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

"შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სამსახურებრივი ძაღლის მეშვეობით 11 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე "ვალე", ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს. ავტომანქანაში, რომელსაც ირანის მოქალაქე ჰ.ს. მართავდა, დათვალიერების შედეგად მებაჟე ოფიცრებმა მედიკამენტი VEGABDOL (2 აბი) იპოვეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს. იმავე დღეს, 30 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი IXPRJM აღმოაჩინეს "სადახლო-საავტომობილოს" მებაჟე ოფიცრებმა რუსეთის მოქალაქე კ.მ.-ის ავტომანქანის რისკის პროფილის საფუძველზე დათვალიერების შედეგად. ამ საქმეს მარნეულის საგამოძიებო სამსახურის სადახლოს განყოფილება შეისწავლის.  მსგავსი ფაქტი მოხდა 12 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე "სარფი". სომხეთის მოქალაქე მ.დ.-ის კუთვნილი ბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი CIRRUS (56 აბი) აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა, საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს", - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.