სვანური ტურიზმი თეთნულდის ტრასის გახსნის იმედადაა

სვანეთში ზამთრის საკურორტო სეზონის გამოცოცხლება თეთნულდის ტრასის გახსნის იმედადაა. სასტუმროს მეპატრონეები მესტიაში წელსაც ტურისტების სიმცირეს ვარაუდობენ. არასაკმარისი რეკლამირება და მესტიიდან უშგულამდე რთულად მისასვლელი გზა - ეს ის მთავარი პრობლემებია, რომლებსაც ადგილობრივი სასტუმროს მფლობელები ასახელებენ. ,,თეთნულდის ტრასის გახსნას ველოდებით და ვფიქრობთ, რომ ვიზიტორების რაოდენობაზე ეს ფაქტი დადებითად აისახება,“ - ამის შესახებ bpn.ge-ს მესტიაში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელმა, ნინო წულუკიანმა განუცხადა.

ნინო წულუკიანი: "ჩემი აზრით, ნაკლებად ხდება ამ კუთხის რეკლამირება, რაც, თავისთავად, მოქმედებს ჩვენი სტუმრების რიცხვზე. მესტიიდან უშგულამდე 45 კილომეტრიანი გზის გავლას სატრანსპორტო საშუალება 2 საათ-ნახევარს ანდომებს. დაახლოებით ათი კილომეტრი ბეტონის სწორი გზაა, მაგრამ ძირითადი ნაწილი ქვიანი და დაზიანებულია. შესაბამისად, ეკონომიურადაც ძვირი უჯდება ტურისტს უშგულამდე მისვლა. ტაქსის დაქირავება 200 ლარი ღირს, მძღოლები უფრო ნაკლებად ვერ მიდიან, რადგან გზა ძალიან ცუდია. არავის აქვს გარანტია, რომ მანქანას რამე არ გაუფუჭდება. სასტუმროებსაც აქვთ საკუთარი სატრანსპორტო საშუალებები და ამ შემთხვევაში ტურისტს გადაადგილება 20%-ით იაფი უჯდება. ბოლო დროს ძალიან ბევრი ე.წ გესთჰაუზი აშენდა, კონკურენციაც დიდია. ზაფხულის სეზონზე მესტიას უამრავი ტურისტი სტუმრობდა, მათი უმრავლესობა უცხოელი იყო, მაგრამ ზამთრის სეზონი შარშანაც არ გვქონია. წელსაც პესიმისტური განწყობა გვაქვს. რაც შეეხება წინა წლებს, ზამთარ-ზაფხულ გვყავდა ვიზიტორები".

ნინო წულუკიანის თქმით, მოუწესრიგებელი გზის გარდა, მესტიაში ნარჩენების მართვის კუთხითაც სავალალო მდგომარეობაა.

ქრისტინე გამთენაძე