"შიდა ქართლში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს საქართველოს მთავრობა სრულად აანაზღაურებს"

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის გიორგი ამაშუკელის ინფორმაციით, შიდა ქართლში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს საქართველოს მთავრობა სრულად აანაზღაურებს.

როგორც გიორგი ამაშუკელმა განაცხადა, ამ ეტაპზე შიდა ქართლის სამ, ქარელის, გორის და ხაშურის, მუნიციპალიტეტში ზარალის დასადგენად სპეციალური კომისიები მუშაობენ. თუ რა ზიანი მიაყენა ძლიერმა ქარმა და წვიმამ რეგიონს, გიორგი ამაშუკელის თქმით, სრული სურათი თანხობრივად ხვალ იქნება ცნობილი.  "ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლების სახურავები დაზიანდა, ასევე წაქცეულია ხეები. ზარალი ძირითადად ამ კუთხით არის დაფიქსირებული, განსხვავებით სხვა რეგიონებისგან. სახურავებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გუშინ შევქმენით სოციალური კომისიები მუნიციპალიტეტებში. აქ საუბარია ქარელის, გორის და ხაშურის მუნიციპალიტეტებზე. კომისიები დადიან და აკეთებენ ზარალის აღწერას. პირველადი შედეგები დღის ბოლოს გვექნება, ხოლო თანხაში გამოხატული შედეგები ხვალისთვის გვეცოდინება.  ამ ეტაპზე შესაბამისი ბრიგადების მობილიზება მიმდინარეობს, რათა კომისიის მიერ დაფიქსირებული ზარალის აღდგენა მოხდეს. აღდგენის ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო გაიღებს. პირველ ეტაპზე ადგილობრივი ხელისუფლება საკუთარი ბიუჯეტების ფარგლებში დაიწყებს ზარალის აღმოფხვრას. როდესაც საერთო სურათი გადმოიგზავნება, უკვე მთავრობა ცენტრალური ბიუჯეტიდან დააფინანსებს", -განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ამაშუკელმა.