სტიქიამ გურიას დიდი ზიანი მიაყენა

სტიქიამ გურიაში გზები, ხიდები, მრავალბინიანი და კერძო საცხოვრებელი სახლები დააზიანა. გურიის გუბერნიის ინფორმაციით, გადაუღებელი წვიმის შედეგად ქალაქ ოზურგეთსა და რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა. "ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ადიდებულმა მდინარე გუბაზეულმა საავტომობილო ხიდს ერთი მალი გამოაცალა, რის გამოც ხიდზე გადაადგილება სახიფათოა, როგორც ავტომობილებისათვის, ასევე ფეხით მოსიარულეებისთვის. ხიდის აღდგენა წყლის დონის დაწევის შემდგომ დაუყოვნებლივ დაიწყება", - აცხადებენ გუბერნიაში.

მათივე ცნობით, სოფელ ხიდისთავში მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვაჟა ფანჩულიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სტიქიების პრევენციისა და ოპერატიული რეაგირების სამმართველოს უფროსი ვასილ კაპანაძე, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა იმყოფებიან. შედეგების აღმოსაფხვრელად გუბერნიაში და მუნიციპალიტეტებში სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი შეიქმნა, რომელიც მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს სწავლობს.