თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

მდინარე ჩხარას ადიდების გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ინფორმაციას ავტოტრანსპორტის მოძრაობის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.  მათივე ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე გადაირთო.

"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე კმ-ზე მდინარე ჩხარას ადიდების გამო, უსაფრთხო გადაადგილების მიზნით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაირთო ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე, ხოლო აღნიშნული მიმართულებით მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა",- ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით ხორციელდება.