საქართველოში გლობალური მეწარმეობის კვირეული გაიმართება

16-21 ნოემბერს, საქართველოში გლობალური მეწარმეობის კვირეული გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, "გლობალური მეწარმეობის კვირეული" არის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პროექტი, რომლის მიზანია მეწარმეობის პოპულარიზაცია და ახალგაზრდა თაობის მოტივაცია და მხარდაჭერა.  ყოველწლიურად პროექტის ფარგლებში 149 ქვეყანაში იმართება 30 000 -მდე ღონისძიება, 10 000-ზე მეტი პარტნიორის მიერ, რომელშიც ჩართულია 8 მილიონზე მეტი ადამიანი.

16-21 ნოემბერს საქართველოში "გლობალური მეწარმეობის კვირეულის" პროექტი მეოთხედ გაიმართება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 10-ზე მეტი სამეწარმეო ღონისძიება. პროექტის ორგანიზატორია "ახალგაზრდა მეწარმეთა ასოციაცია" და Global Entrepreneurship Network Georgia.  კვირეულის გახსნა გაიმართება 16 ნოემბერს, 16:30 საათზე ჯეოლაბში. ღონისძიებას გახსნიან ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე და თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის თავმჯდომარე ალექსანდრე მარგიშვილი.

პროექტის პარტნიორები არიან ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, ჯეოლაბი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სტუდენტური აქსელერატორი Startup Nest, IBSU Idea Lab, I-HUB თბილისი.  პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, თბილისის ტექნოლოგიური ფონდი და თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი.