რომან გოცირიძე: როცა ფულს ფასი ეკარგება, ჯერ დაბალი ნომინალის ხურდა ფული ქრება, მერე ყველა ერთად

"საქართველოში ჯერ კიდევ არის მიმოქცევაში ლითონის ერთთეთრიანები. ეს კარგის ნიშანია," - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

გოცირიძის ბიზნესპოსტს bpn.ge უცვლელად გთავაზობთ: "საქართველოში ჯერ კიდევ არის მიმოქცევაში ლითონის ერთთეთრიანები. ეს კარგის ნიშანია. როცა ფულს ფასი ეკარგება, ჯერ დაბალი ნომინალის ხურდა ფული ქრება, მერე ყველა ერთად.  აფთიაქში კლიენტს 3 თეთრი დაუბრუნეს. ვხედავ, გასვლისას სანაგვე ყუთში ჩაყარა. მეც მერგო ხურდა ფული. სანამ ავიღებდე, გამყიდველი მეკითხება: ”აქ რომ ერთთეთრიანებია, ფონდ ”იავნანას" ყუთში ჩავყარო ხომ?” მე ვეკითხები: ”რატომ?” დაიბნა. სახეზე შევატყვე პასუხი: ”თქვენ ხომ ამას მაინც გადაყრით?” საიდან ჩნდება 0 ან 5 ციფრის გარდა ფასებზე სხვა დაბოლოება? ყველა ხომ ისედაც ამრგვალებს მას? ამ სახის ხურდა ფულს ჯერ კიდევ იქ გასცემენ, სადაც სისტემაში იმპორტირებული საქონელი დოლარში აღირიცხება და ყოველდღიურად ხდება ავტომატურად მისი შეცვლა კურსის ცვლილებიდან გამომდინარე. ამ სახის ხურდა ფულის დაბრუნება გარკვეული სახის კულტურის ფორმირებაზე მიუთითებს. ვკრავთ ამას ხელს მომხმარებლები, არ არის პრობლემა, პროგრამა ხვალ ყველაფერს მშვენივრად დაამრგვალებს, მაგრამ ეს იქნება წელიწადში მრავალი მილიონი ლარი, ამოღებული ჩვენი ჯიბეებიდან და კიდევ უფრო მეტი მილიონი, დაკარგული ინფლაციის სტიმულირების გამო.

ისევ ჩემი გამოცდილებიდან მინდა დავამთავრო ეს ისტორია: ჩავუყარე ოცი-ოცდაათი ერთთეთრიანი ჩემს მრავალი წლის ნაცნობ ტაქსისტს სხვა ხურდა ფულთან ერთად საჩუქრად ”სტაიანშიკებისათვის”. მეუბნება, ეს რომ მივცე შეურაცხყოფად მიიღებსო. თუ არ დამეზარა, სადმე საქველმოქმედო ყუთში ჩავყრი, თუ არა, გადავყრიო. ჩემი საქციელიც შეურაცხყოფა იყო. უბრალოდ გავრისკე-ექსპერიმენტისათვის", - წერს რომან გოცირიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.