ირაკლი აბესაძის განცხადებით, თბილისის მერიის ადმინისტრაციული ხარჯები მომავალ წელს დაახლოებით 9 მლნ ლარით იზრდება

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" თავმჯდომარის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიის ადმინისტრაციული ხარჯები მომავალ წელს დაახლოებით 9 მილიონი ლარით იზრდება. ირაკლი აბესაძემ დღეს თბილისის საკრებულოში ბრიფინგი გამართა, სადაც თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის პარამეტრებზე ისაუბრა.  ირაკლი აბესაძემ ტყუილი უწოდა თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ჯაბა სამუშიას განცხადებას, რომლის თანახმადაც, თბილისის მერიის ადმინისტრაციისა და საკრებულოს ხარჯები მცირდება. ირაკლი აბესაძემ საუბრისას აღნიშნა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი თბილისელების საჭიროებებს მთლიანად აცდენილია.

"გავეცანით ამ ფინანსურ დოკუმენტს, რომელიც უამბიციო და თბილისის საჭიროებებზე მთლიანად აცდენილია. მორგებულია კვლავ ადმინისტრაციული რესურსის კეთილდღეობაზე ნარმანიასა და "ქართული ოცნების" ჩინოვნიკების, მათი მეგობრებისა და ნათესავების კეთილდღეობაზე. მომავალ წელს თბილისის ის მთავრობა, რომელმაც აბსოლუტურ კოლაფსში შეიყვანა დედაქალაქი, დაგვიჯდება 9 მილიონი ლარით მეტი, მხოლოდ მათ ხელფასებზე დაიხარჯება დაახლოებით 7 მილიონი ლარით მეტი და ეს იმ ფონზე, როდესაც სოციალური დაფინანსება მცირდება 2 მილიონი ლარით, ოპერაციული მკურნალობა და მედიკამენტებით დაფინანსება მცირდება 5 მილიონი ლარით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ხარჯები მცირდება 8 მილიონი ლარით, მცირდება ავარიული შენობებისათვის, გამწვანებისათვის გამოყოფილი თანხები და ბევრი სხვა პრიორიტეტული მიმართულება", - აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.

მისივე თქმით, იმის საპასუხოდ, რომ თბილისის ხელმძღვანელობას ავტობუსების მძღოლებისათვის, დამგველებისათვის, სინათლის ქალაქის მუშებისათვის, მოლარეებისათვის, ოპერატორებისათვის, იმ ადამიანებისათვის გაეზარდა ხელფასები, რომლებსაც სერვისის მიწოდება ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ მოქალაქეებისთვის. ამის ნაცვლად, ნარმანიამ გადაწყვიტა, საკუთარი გუნდისთვის გაეზარდა ხელფასები. აბესაძე აცხადებს, რომ ეს ძალიან ცუდია და შეეცდებიან ეს გამოასწორონ. მისივე თქმით, მიმდინარე წლის ბიუჯეტით ადმინისტრაციული ხარჯები დაახლოებით 90 მილიონ ლარს შეადგენდა.

დღესვე ბრიფინგი გამართა ჯაბა სამუშიამ და განაცხადა, რომ თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი თბილისელების მოთხოვნებს პასუხობს. მისივე ინფორმაციით, თბილისის მერიის ადმინისტრაციისა და საკრებულოს ხარჯები მცირდება, თუმცა საუბრისას მან ვერ დააკონკრეტა, რამდენი ლარით იქნება შემცირება.