საქსტატი: 2014 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 4,6 პროცენტი შეადგინა

2014 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 4,6 პროცენტი შეადგინა, - ამის შესახებ ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  საქსტატის ინფორმაციით, 2014 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 4,6 პროცენტი შეადგინა. დანახარჯების კომპონენტების მიხედვით ეკონომიკური ზრდა უმთავრესად განპირობებული იყო ძირითად კაპიტალში განხორციელებული ინვესტიციების 26,9-პროცენტიანი ზრდით, რაც მთლიან რეალურ ზრდაში 6,7 პროცენტული პუნქტით აისახა. აგრეთვე არსებითი დადებითი წვლილი რეალურ ზრდაში შეიტანა როგორც შინამეურნეობების და შმაკო-ების საბოლოო მოხმარებამ (2,3 პროცენტული პუნქტი), აგრეთვე სამთავრობო მოხმარებამ (1,9 პროცენტული პუნქტი).

წინა წლებთან შედარებით ექსპორტის წვლილი მთლიან ეკონომიკურ ზრდაში 2014 წელს არსებითად შემცირდა: 0,4-პროცენტიანი რეალური ზრდის პირობებში, ექსპორტის გავლენამ ეკონომიკურ ზრდაზე 0,2 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ამავე დროს, იმპორტის უარყოფითი წვლილი 6,4 პროცენტული პუნქტის დონეზე დაფიქსირდა. შედარებისათვის 2013 წელს მშპ-ის რეალური ზრდის მთავარ მამოძრავებელ ფაქტორს ექსპორტი წარმოადგენდა (20,3-პროცენტიანი რეალური ზრდით), ხოლო ძირითად კაპიტალში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობაში კლება აღინიშნა (-11,7 პროცენტი).

"ბოლო წლების ანალიზი გვიჩვენებს, რომ 2010-2014 წლებში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი მუდმივ ფასებში გაიზარდა 23,3 პროცენტით, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 13,9 პროცენტით. დანახარჯების კომპონენტების მიხედვით, მთლიანი კაპიტალის ფორმირება გაიზარდა 70,9 პროცენტით, ხოლო საქონლისა და მომსახურების ექსპორტის რეალურმა ზრდამ 59.5 პროცენტი შეადგინა. ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა საქონლისა და მომსახურების იმპორტი (55,8 პროცენტი)", - ნათქვამია განცხადებაში.