საქსტატი: ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 8,3 %-ით გაიზარდა

წინა წლის ანალოგიურ პეროდთან შედარებით, 2015 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 8,3 %-ით გაიზარდა.  სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის შესახებ 2015 წლის ოქტომბრის ინფორმაციას აქვეყნებს.

საქსტატის ცნობით, 2015 წლის ოქტომბერში 2015 წლის სექტემბერთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 1,4 პროცენტით გაიზარდა. 2014 წლის ოქტომბერთან შედარებით, ინდექსი გაზრდილია 8,3 პროცენტით, ხოლო 2005 წლის საშუალოსთან შედარებით 80,2 პროცენტით. საქსტატის ცნობით, 2015 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით ინდექსის ზრდა განაპირობა ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებისა და განაწილების სექციაზე ფასების 10,3 პროცენტით ზრდამ.  "სექციის წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 1,41 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ფასები 0,2 პროცენტით შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის სექციაზე, რაც ინდექსის მთლიან მაჩვენებელზე შესაბამისად -0,15 პროცენტული პუნქტით აისახა. მოცემულ სექციაში ფასების მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა მეტალურგიული მრეწველობისა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოების ქვესექციაზე (-4,0 პროცენტი)", - ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება 12-თვიან პერიოდს, ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებზე - დამამუშავებელი მრეწველობა: ფასები გაიზარდა 7,8 პროცენტით და სექციის წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 6,37 პროცენტული პუნქტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, ფასები გაიზარდა შემდეგ ქვესექციებზე: საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება (6,6 პროცენტი) და ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა და საგამომცემლო საქმიანობა (33,7 პროცენტი); ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება - ფასები გაიზარდა 13,0 პროცენტით და შესაბამისად, სექციამ მთლიანი ინდექსის ცვლილებაში 1,90 პროცენტული პუნქტი შეიტანა.