18 ნოემბერს სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების გამოფენა გაიმართება

18 ნოემბერს საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-15 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება.

ENPARD-ის ინფორმაციით, გამოფენის მხარდამჭერები სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ევროპული სამეზობლოს პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) და მისი განმახორციელებელი პარტნიორები მერსი ქორფსი- შოტლანდია, "ადამიანი გაჭირვებაში"- ჩეხეთის რესპუბლიკა, ოქსფამი დიდი ბრიტანეთი და ქეა საერთაშორისო კავკასია არიან.  ENPARD და სოფლის მეურეობის სამინისტრო გამოფენაზე სტუმრებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებსა და მათ მრავალფეროვან პროდუქციას წარუდგენს. გამოფენის დროს კოოპერატივებს მიეცემა საშუალება, დაამყარონ ბიზნესზე ორიენტირებული კონტაქტები, რაც მათ გასაღების ბაზრების მოძიებაში დაეხმარება.

ევროპის სამეზობლო პროგრამა საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის (ENPARD საქართველო) ევროკავშირის მიერ €52 მილიონით დაფინანსებული პროგრამაა. 2012 წლის დეკემბერში ხელმოწერილი პროგრამა მიზნად ისახავს საკვების წარმოების ხელშეწყობასა და სოფლად არსებული სიღარიბის აღმოფხვრას. გრანტების მინიჭების გარდა, ENPARD-ი ასევე ახორციელებს საქართველოს მთავრობის პირდაპირ ფინანსურ მხარდაჭერას სოფლის მეურნეობის სფეროში სტრატეგიის განხორციელებისათვის და უზრუნველყოფს ცოდნისა და უახლესი მიდგომების გაზიარებას სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთვის.

ევროკავშირის მხარდაჭერის ფარგლებში 2013 წელს საქართველოში მიღებულ იქნა კანონი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ. ამ დროისთვის, ევროპული მაგალითის მიხედვით 1,000-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია დარეგისტრირებული. რეგიონებში მაცხოვრებელი ფერმერებისა და წვრილი მეწარმეებისთვის სპეციალური ავტობუსები დაინიშნება, რომლებიც უფასო გადაადგილებას უზრუნველყოფენ.  ასევე გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართული ბაზრისთვის უცნობი კომპანიები, რომლებიც დისტიბუტორებსა და წარმომადგენლობებს ეძებენ.