"ნაციონალური მოძრაობა" დღეიდან პენსიის 50 ლარით გაზრდის მოთხოვნით კამპანიას იწყებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დღეიდან პენსიის 50 ლარით გაზრდის მოთხოვნით კამპანიას იწყებს. როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული მოთხოვნით სპეციალური პეტიცია შემუშავდა, რომელზე ხელმოწერაც ნებისმიერ პენსიონერს შეეძლება.  "ბოლო 3 წლის განმავლობაში ქართული საზოგადოება დადგა ძალიან მწვავე ეკონომიკური პრობლემების წინაშე: შემცირდა ეკონომიკური ზრდა, გაიზარდა უმუშევრობა, შემცირდა დასაქმება და ვაჭრობა, გაიზარდა სიღარიბე. განსაკუთრებით მძიმედ ამ ყველაფერმა იმოქმედა ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველ ფენაზე, ჩვენს ასაკოვან მოსახლეობაზე - პენსიონერებზე. მათი პენსია დღეს, დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურების გამო, უფრო ნაკლებია, ვიდრე ეს იყო 3 წლის წინ და ეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში გაძვირდა ყველაფერი – წამალი, პროდუქტი და ცხოვრება. ამიტომ ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია გადაიდგას საგანგებო ნაბიჯი პენსიონერთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და მოიმატოს პენსიამ 50 ლარით. ეს სახელმწიფო ბიუჯეტს წელიწადში დაუჯდება 420 მილიონი ლარი. თუ შევხედავთ 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს, დავინახავთ რომ 2012 წელთან შედარებით 456 მილიონით არის გაზრდილი მთავრობის შენახვის ხარჯები. აი, სწორედ ეს არის ის თანხა, რომელიც უნდა მოხმარდეს პენსიონერებს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა უშუალოდ პენსიონერებს მიმართა და მოუწოდა, მათ მიერ დაწყებული კამპანიის ფარგლებში შემუშავებულ პეტიციას ხელმოწერით შეუერთდნენ.  "პოლიტიკური სურვილის შემთხვევაში სახელმწიფოს აქვს რესურსი, რომ 2016 წელს პენსია გაიზარდოს 50 ლარით. კითხვა არის მარტივი – რა სჭირდება დღეს საქართველოს, პრემია თუ პენსია? მე ვფიქრობ, რომ ყველაზე დაუცველ მოსახლეობას სჭირდება პენსია და არა მთავრობის წევრთა პრემიები. ამიტომ ჩვენ დღეიდან ვიწყებთ კამპანიას და მოვუწოდებთ თითოეულ პენსიონერს შემოგვიერთდეს, შემოუერთდეს პეტიციას და თავისი ხელმოწერით დაადასტუროს მოთხოვნა პენსიის 50 ლარით გაზრდის შესახებ. ჩვენ მოვალთ თითოეულ ოჯახში და თითოეულ ადამიანს მივცემთ საშუალებას, დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი – პრემია თუ პენსია", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.