საქართველოში მედიკამენტების უკანონო შემოტანის ფაქტები გამოავლინეს

მებაჟე ოფიცრებმა მედიკამენტების უკანონო შემოტანის ფაქტები გამოავლინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტის "ვალეს" კონტროლის ზონაში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების უკანონო შემოტანის 2 ფაქტი გამოავლინეს. მათივე ცნობით, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული აზერბაიჯანის მოქალაქე ჯ.ს.-ის კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე სკანერით დათვალიერების შედეგად, მათ ფსევდოეფედრინის შემცველი პრეპარატი KATARIN FORTE აღმოაჩინეს, ხოლო თურქეთის მოქალაქე ს.კ.-ის ავტომობილის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად - პრეპარატი "NUROFEN GOLD & FLU" და პრეპარატი TYLOLHOT. ორივე მედიკამენტი ასევე შეიცავს ფსიქოტროპულ ნივთიერება ფსევდოეფედრინს. აღმოჩენილი მედიკამენტების საერთო რაოდენობამ 41 აბი და 3 პაკეტი შეადგინა.

ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით შსს სამცხე-ჯავახეთის მთავარ სამმართველოს გადაეცა.