რუსთავში მოვაჭრეებმა ყოველდღიური გადასახადის გაზრდა გააპროტესტეს

რუსთავში შპს "ერთობის" მოვაჭრეებმა ბაზრობის ადმინისტრაციის მხრიდან 1 დეკემბრიდან ყოველდღიური გადასახადის გაზრდა გააპროტესტეს.  ბაზრობაზე დასაქმებულების განცხადებით, ადმინისტრაცია 1 დეკემბრიდან ყოველდღიური გადასახადის 3 ლარიდან 4 ლარამდე გაზრდას აპირებს, ,,ერთობის" მოვაჭრეებმა დახმარებისათვის რუსთავის მერიას მიაკითხეს. აქციის მონაწილეებს რუსთავის მერი დავით ჯიქია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე და ქალაქის სხვა ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ, შეხვედრას "ერთობის" დირექტორი მამუკა ცხოვრებაძეც ესწრებოდა.

როგორც "ერთობის" მოვაჭრეები აცხადებდნენ, ბაზრის ადმინისტრაციამ გადასახადი ქალაქის ხელმძღვანელობის მხრიდან კომუნალური გადასახადების გაზრდის მიზეზით მოუმატა. რუსთავის მერის, დავით ჯიქიას განცხადებით კი, ქალაქის თვითმმართველობას არანაირი გადასახადი არ გაუზრდია და ბაზრის ხელმძღვანელობამ დამატებითი შემოსავლის მისაღებად მოვაჭრეები შეცდომაში შეიყვანა.  ბაზრის დირექტორ მამუკა ცხოვრებაძეს, რუსთავის მერს დავით ჯიქიასა და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძეს შორის გამართული მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდა, რომ "ერთობის" ტერიტორიაზე დასაქმებულ მოვაჭრეებს ყოველდღიური გადასახადი აღარ გაეზრდებათ. "ჩვენ გვქონდა მოლაპარაკება შპს "ერთობის" დირექციასთან. მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ მოვაჭრეებს ადმინისტრაცია ყოველდღიურ გადასახადს აღარ გაუზრდის. გარდა მაგისა, მათ თვეში 3 დღის ნაცვლად, 4 დასვენების დღე ექნებათ და, ბუნებრივია, დასვენების დღეებში თუკი სამსახურში არ გავლენ, გადასახადს არ გადაიხდიან", - განაცხადა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ.