თეიმურაზ მეგრელიშვილი: 2004 წელს ჩუქების წესით გადავუფორმეთ ღვინის ქარხანა

90 ტონა წითელი ღვინო, 40 ტონამდე თეთრი ღვინო, გაშენებული ვაზი, ტრაქტორები, ინფრასტრუქტურები, სპირტის სახდელი, შენობა-ნაგებობები და მთლიანად ქარხანა 2004 წელს ჩუქების წესით გადავეცით სახელმწიფოს, - ამის შესახებ ყოფილმა პარლამენტარმა თეიმურაზ მეგრელიშვილმა ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.

მან გაიხსენა, თუ როგორ დაიბარეს აჭარის პროკურატურაში და მოთხოვეს ბანკიდან აღებული სესხის დაფარვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ქონება სახელმწიფოსთვის უნდა გადაეცა. როგორც ნოდარ მოდებაძე აცხადებს, აჭარის პროკურორმა მას აუხსნა, რომ აღნიშნული მოთხოვნა ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილისგან მოდიოდა. მისივე განმარტებით, იყო ფსიქოლოგიური ტერორი და მინიშნებები, რომ თუ წილებს არ გადააფორმებდა, პრობლემები შეექმნებოდა. "აჭარის პროკურატურაში დამიბარეს. პროკურორმა მითხრა, რომ სესხი უნდა დამეფარა უმოკლეს ვადაში. ავუხსენი, რომ სესხის ასე დაფარვა არ ხდებოდა. ჩამოიყვანეს ჩემი პარტნიორი ნოდარ მოდებაძე. დაადგინეს, რომ ქარხანა უნდა გადასცემოდა სახელმწიფოს ჩუქების წესით. რამდენჯერმე დაგვიბარეს საფინანსო პოლიციაში, იყო მინიშნებები, რომ ეს მომდინარეობდა მაღალი დონიდან, საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროდან. იყო მინიშნებები, თუ რა გართულებები შეიძლებოდა მოჰყოლოდა, თუ არ გადავცემდით ქარხანას. გვეუბნებოდნენ, რომ დაგვიჭერდნენ და ბრალს წაგვიყენებდნენ იმაზე, რა დანაშაულიც არ გვექნებოდა ჩადენილი. ოჯახის წევრების მიმართ შესაძლო პრობლემებზე მიგვანიშნებდნენ. ამ პერიოდში ადეიშვილთან ან მერაბიშვილთან არ მქონია კონტაქტი, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მექანიზმი, რომელიც შექმნეს, თავიანთ სახეს ასე უშუალოდ არ წარმოაჩენდა. პაპუაშვილმა მითხრა, რომ ეს დავალება მოდის ზემოდან, პროკურატურიდან და შსს-დან. პირველი პირების გარეშე იქ არ წყდებოდა არაფერი. ეს იყო პირველი წელი გარკვეული ჯგუფის ხელისუფლებაში მოსვლის, აგრესიის პიკი იყო და ჩვენ ყველაფერს ველოდებოდით. ღვინის ქარხნის წილები გადავაფორმეთ 2004 წელს", - აღნიშნა თეიმურაზ მეგრელიშვილმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილ შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს – ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი დაუმძიმდათ. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მერაბიშვილი და ადეიშვილი ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტზე პასუხისგებაში მიეცნენ.