"არავინ გამკითხავი არ არის, ნებისმიერს შეუძლია ავტოსკოლით ფული აკეთოს"

ავტოპარკი საქართველოში ყოველწლიურად იზრდება, შესაბამისად იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობაც, ვინც მართვის მოწმობას იღებს. მოთხოვნას ერგება ბიზნესიც და თბილისში დღეს ავტოსკოლა თითქმის ყოველ ნაბიჯზე გვხვდება, თუმცა უმეტესობა ყოველგვარი ლიცენზიის გარეშე მუშაობს. ისიც უნდა ითქვას, რომ B კატეგორიის მართვის მოწმობის ასაღებად და თეორიულ გამოცდაზე გასასვლელად მართვის მოწმობის აღების მსურველს არანაირი დოკუმენტი არ სჭირდება,  ე.წ. "ფსიქოსა" და პირადობის მოწმობის გარდა. შესაბამისად, ავტოსკოლის გახსნა და მოსწავლეების მიღება დღეს ერთნაირი წარმატებით შეუძლიათ როგორც სპეციალიზირებულ ავტოინსტრუქტორებს, ისე ტაქსის მძღოლებსა თუ მშენებლებს. ამ ფონზე კი ლიცენზირებული ავტოსკოლების მფლობელები მოსწავლეების რაოდენობის შემცირებას უჩივიან. მათი თქმით, მართვის მოწმობის აღების მსურველები იაფფასიან და მოკლევადიან თეორიულ კურს ანიჭებენ უპირატესობას. იმ ავტოსკოლებიდან, რომლებიც მართვის მოწმობის თეორიულ თუ პრაქტიკულ კურსს ატარებენ, მცირე ნაწილი ლიცენზირებულია. შესაბამისად, მათ კონკურენტებთან შედარებით მაღალი გადასახადი აქვთ დაწესებული.

დავით წიკლაური, ერთ-ერთი ავტოსკოლის მფლობელი და პედაგოგი: "საქართველოს მასშტაბით თითებზე ჩამოსათვლელი ლიცენზირებული ავტოსკოლაა. არავინ გამკითხავი არ არის, ნებისმიერს შეუძლია ამით ფული აკეთოს. არც დიპლომს გთხოვს ვინმე და არც ლიცენზიას. თუ პიროვნება C, D და E კატეგორიას არ ასწავლის, არანაირი საბუთი არ სჭირდება, მას შეუძლია კარგად დაიმახსოვროს მოცემული 1032 ბილეთი, სარეკლამო აბრა გამოაკრას და ყველა სრულწლოვან მოქალაქეს წაუკითხოს B კატეგორიის მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო თეორიული კურსი. პრაქტიკულად შესაძლებელია სამ დღეში მოამზადო პიროვნება გამოცდაზე გასასვლელად და ეს მარკეტინგულადაც გამართლებული იქნება, მაგრამ როგორც იმ სამი დღის წინ არ იცოდა მოსწავლემ საგზაო ნიშნები, ისე არ ეცოდინება მართვის მოწმობის აღების შემდეგაც. სახელმწიფო გაიძულებს ცუდად ასწავლო და იცი, რომ ეს უკეთესია შენი მატერიალური კეთილდღეობისთვის."

ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მომსახურების სააგენტო ამ ეტაპზე არანაირ სანქციას არ აკისრებს იმ ადამიანს, რომელიც ასწავლის 18 წლის და უფროსი ასაკის მოსწავლეებს, რომელთაც არ სჭირდებათ თეორიული კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა გამოცდაზე გასასვლელად.

"პირის კერძო გადაწყვეტილებაა, რომ თეორიული კურსი შეასწავლოს მსურველს, თუმცა მას არ შეეძლება არანაირი ცნობის გაცემა. თუ შედგება ავტოსკოლა, რომელიც შემდეგ გასცემს შესაბამისი კურსის გავლის დამადასტურებელ საბუთს, ამ შემთხვევაშია აუცილებელი რეგისტრირება, რისთვისაც საჭიროა: სასკოლო პროგრამა, ბეჭდისა და მოწმობის ნიმუში, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღწერილობა და ცნობა საგადასახადოდან. მომსახურების სააგენტოში, ავტოსკოლის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა კი სავალდებულოა არასრულწლოვანთათვის და C, D, E კატეგორიის მართვის მოწმობის აღების მსურველთათვის", - აღნიშნეს მომსახურების სააგენტოში.

"საკუთარ თავსაც პატივი უნდა სცე. არ შეიძლება ასე ყველამ ასწავლოს პრაქტიკაც და თეორიაც. გაუფასურდა ჩვენი შრომა, ასწავლი სხვას, როცა თავად წარმოდგენა არ გაქვს საგზაო ნიშნებზე. თეორეტიკოსი უნდა იყო, პედაგოგი, აქ ადამიანის სიცოცხლეს ეხება საქმე. მე მოვითხოვე 70 ლარი, ვიღაცა ითხოვს 10 ლარს, მე თვენახევარი მჭირდება, სხვას 10 დღე ან ორი კვირა. როგორ გავუწევ მათ კონკურენციას?! რა ამბავია 70 ლარიო და უკან მიდიან", -აღნიშნავს დავით წიკლაური.

დღესდღეობით ინტერნეტში უამრავ შეთავაზებას გადააწყდებით თეორიული კურსის უფასო შესწავლაზე, ზოგიერთი კურსი კი მსურველებს თეორიული კურსის გავლას 10-დან 30 ლარამდე სთავაზობს. ძირითად შემთხვევაში, პრაქტიკული მეცადინეობების მათ ბაზაზე გავლა სავალდებულოა. დახურულ მოედანზე პრაქტიკული მეცადინეობის ფასი კი 15-დან 25 ლარამდეა. ყველა თანხმდება იმაზე, რომ დღეს ამ სფეროში კორუფცია აღმოფხვრილია. მართვის მოწმობას მოქალაქეები "ას დოლარად" ვეღარ ყიდულობენ. ამას ადასტურებს დავით წიკლაურიც და აღნიშნავს, რომ მოსწავლეების დიდი ნაკადი სწორედ იმ გარდამავალ პერიოდში ჰყავდა, როცა ავტოსკოლის გავლა სავალდებულო იყო, მის გარეშე კი ფულითა და სხვა მაქინაციებით, მართვის მოწმობის აღება შეუძლებელია. მისივე თქმით, მოცემულ ბილეთებში ფიქსირდება შეცდომებიც. ასევე ნაკლები ყურადღებაა გამახვილებული მნიშვნელოვან საკითხებზე, თუნდაც მოხვევის მაჩვენებელზე, რაც საქართველოში ყველაზე პრობლემატურია. "ასევე დიდი რაოდენობით არის დაბეჭდილი წიგნები, რომელთა ფასი 25 ლარიდან იწყება. საჭირო შესწორებები რომ შევიდეს, ქსელიდან ამ ლიტერატურის ამოღებაც გახდება აუცილებელი, ეს კი მნიშვნელოვნად აზარალებს გამომცემლებს. ამიტომაც ჩემი აზრით, ამ საქმეს კარგა ხანს არაფერი ეშველება. თბილისის ქუჩებში აბსოლუტურად მოუწესრიგებელი და არასწორად გამოყენებულია საგზაო ნიშნები, არც კანონმდებლები და არც მოქალაქეები აქ წესრიგს არ იცავენ", - ამბობს წიკლაური.

რაც შეეხება მართვის მოწმობის გამოცდაზე გასვლის ფასებს - სრულწლოვანისთვის თეორიული გამოცდის ჩაბარება 57 ლარი ღირს. ჩაჭრის შემთხვევაში განმეორებით გასვლა, ერთი კვირის შემდეგ 41 ლარი დაგიჯდებათ. სტუდენტი ან მოსწავლე კი პირველ ჯერზე, შეღავათიანი ფასით სარგებლობს და 16 ლარს იხდის.

ქრისტინე გამთენაძე