შეხლა-შემოხლა დედაქალაქის ბიუჯეტის გამო - ოპოზიციის საქმიანი შენიშვნები, თუ პოპულიზმი?

დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტის განხილვა ცხარე კამათისა და დავის ფონზე მიმდინარეობს. მომავალი წლის თბილისის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 810 მილიონ 146 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა. საკრებულოს ბიუჯეტის პროექტის განსახილველად და მთავრობისათვის შენიშვნების წარსადგენად დრო 25 ნოემბრამდე აქვს. განხილვის შემდეგ შესწორებული ვარიანტი უნდა გადაეგზავნოს თბილისის მერიას, რომელსაც 8 დეკემბრამდე ექნება დრო იმისათვის, რომ კორექტირებული ვარიანტი შემდგომში უკვე საკრებულოს დაუბრუნოს განსახილველად და დასამტკიცებლად. მმართველი გუნდის წარმომადგენლები 2016 წლის თბილისის ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებად სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს ასახელებენ და ამის საბუთად ციფრებს იშველიებენ: მომავალ წელს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე 19-20 მილიონით მეტი დაიხარჯება, ავარიული სახლების და სხვა ობიექტების მშენებლობაზე - 29 მილიონით მეტი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისათვის - 9 მილიონით მეტია გამოყოფილი, ხოლო განათლების მუხლში - 3-მილიონიანი ზრდა აღინიშნება. ქალაქის ბიუჯეტში გაზრდილია გამწვანების სამუშაოების ხვედრითი წილიც. ოპოზიცია კი ამტკიცებს, რომ ბიუჯეტის პროექტი არ არის სოციალურად ორიენტირებული და ეჭვი თბილისის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესრულებაშიც შეაქვს. "ეს პროექტი საერთოდ არ ითვალისწინებს მოსახლეობის პრობლემებს", - განაცხადა ჩვენთან საუბრისას საკრებულოს წევრმა, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ  სევდია უგრეხელიძემ: "ჯერ საკრებულოს ბიუჯეტის დეტალებზე ვმუშაობთ, მიუხედავად ამისა, უკვე გავუგზავნეთ მერიას ჩვენი წინადადებები, რომელიც თბილისის მოსახლეობისათვის უმნიშვნელოვანეს პრობლემებს შეეხება. მაგალითად, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ვაუჩერები კი დაუბრუნეს, მაგრამ გაძვირებული ელექტროენერგიის კომპენსაცია მოუხსნეს და ამით 2,5 მილიონი ლარი ჯიბიდან ამოუღეს ამ ხალხს. ჩვენ ვამბობთ, რომ მოსახლეობის გარკვეული კატეგორიისთვის ავტობუსით მგზავრობა უფასო უნდა იყოს. ეს კატეგორიაა: პენსიონერები, სოციალურად დაუცველები, სტუდენტები და სკოლის პედაგოგები, საბედნიეროდ, ბაღის პედაგოგებს ეს შეღავათი უკვე აქვთ."

სევდია უგრეხელიძის თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოითხოვა, რომ ხელფასები გაუზარდონ იმ ხალხს, ვინც უშუალოდ ქალაქს ემსახურება: "ეს ცვლილება უნდა შეეხოს დასუფთავების სამსახურის მუშაკებს - ქუჩის დამგველებს, ნაგვის მანქანის მომსახურე პერსონალს, ავტობუსის მძღოლებს, საბავშვო ბაღის მასწავლებელებს და მათ თანაშემწეებს - ყველას, ვინც ქალაქისთვის მნიშვნელოვან, საჭირო საქმეს აკეთებს. ამავე დროს, ჩვენ წინააღმდეგნი ვართ ზედა რგოლის ხელფასების, დანამატების და პრემიების ზრდისა, გვინდა, რომ ეს ქვედა რგოლში მოხერხდეს და მერიის სისტემაში ვისაც დაბალი ხელფასი აქვს, 20 პროცენტით მაინც გაეზარდოს. ამასთან, ჩვენ მივუთითეთ ადგილები, სადაც საცობები წარმოიქმნება და გვირაბების, ესტაკადებისა და გადასასვლელი პანდუსების აგებაა საჭირო, რომ მოძრაობა განიტვირთოს. ძალიან გვაინტერესებს, მიმდინარეობს თუ არა ამ საკითხზე მუშაობა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ნარმანიას სასაცილო და მამლაყინწურ განცხადებას, რომ ოპოზიციამ არ იცის რა ხდება დედაქალაქის ბიუჯეტში, არა მგონია ასე იყოს. ეს განცხადება სასაცილოა თუნდაც იმიტომ, რომ თბილისის საკრებულოში ზის ორი ყოფილი ვიცე-მერი, ორი მოადგილე და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე. 9 წლის მანძილზე თუ ბიუჯეტი არ ვიცოდით და ისე ვმართავდით ამ ქალაქს, ძალიან ყოჩაღები ვყოფილვართ... 7 მილიონი მოიმატეს თავიანთი ხელფასების მუხლში, რაც დაუშვებელია. ხელფასი იმას უნდა გაეზარდოს, ვინც ქალაქს ემსახურება, თუნდაც ავტობუსის მძღოლებს, რომლებიც დამტვრეული ავტობუსებით დადიან, მარშრუტებს ვერ ასრულებენ და ამის გამო მათი ხელფასი 700-800 ლარამდეა ჩამოსული. ბაღის მასწავლებლები, მათი თანაშემწეები - მათაც უნდა მოუმატონ ხელფასი 20%-ით, რომ ცოტა სული მოითქვან. ახლა მუშაობა დეტალებზე მიდის და უფრო დაწვრილებით მერე ვისაუბროთ."

ოპოზიციის კრიტიკას არ ეთანხმება თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია: "რას ნიშნავს ქალაქის ბიუჯეტი სოციალურ სფეროზე არ არის ორიენტირებული? - ამას ამბობენ მაშინ, როცა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით დაახლოებით 214 მილიონია გამოყოფილი და თანხა 9 მილიონით არის გაზრდილი 2015 წლის ბიუჯეტთან შედარებით?! აქ არის ციფრები, აქ არის ბიუჯეტი და ნებისმიერს შეუძლია ნახოს, რა თანხა იყო 2015 წლის ბიუჯეტში გამოყოფილი სოციალურ სფეროზე და რამდენია დღეს. ამას ბიუჯეტის ნახვა და წაკითხვა უნდა: რეალურად, მომავალი წლის ბიუჯეტის მეოთხედი მიდის მარტო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად. მე შემიძლია შეგახსენოთ, თუ როგორ ზრუნავდა "ნაციონალურეი მოძრაობა" საბავშვო ბაღებზე: როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, ისინი ბაღებს აუქმებდნენ, ამის გამო საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა გვაქვს და იძულებულნი ვართ 9 ახალი ბაღი ავაშენოთ პატარებისთვის. რაც შეეხება დასუფთავების სამსახურის მუშაკებზე ზრუნვას, ეს ის პოლიტიკური ძალაა, რომელსაც მეეზოვებზე მეტი აგიტატორი ჰყავდა დასუფთავების სამსახურში და ყოველწლიურად მილიონებს ხარჯავდა მათ დაფინანსებაზე. მაშინ რატომ არ ზრუნავდნენ ხელფასების გაზრდაზე? მე ვერ მივიღებ ამ პოლიტიკური ძალისაგან ასეთ პოპულისტურ, ირეალურ არგუმენტებს. მათ სურთ საზოგადოება ტყუილში აცხოვრონ. ჯერ დასხდნენ და კარგად დაითვალონ და მხოლოდ ამის მერე გვაკრიტიკონ. "

ჯაბა სამუშიას თქმით, მართალია დედაქალაქის ბიუჯეტი 7 მილიონით არის გაზრდილი, მაგრამ შარშან ხარჯი უფრო მეტი იყო, ამიტომ, რეალურად ბიუჯეტში თანხა უფრო მეტია: "ამტკიცებენ, რომ ბიუჯეტი შემცირებულია და ადარებენ 2015 წლის ბიუჯეტს, საიდანაც სოლიდური თანხა დაიხარჯა ოლიმპიადის მოსაწყობად და სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად: 803 მილიონი იყო 2015 წლის ბიუჯეტი და დღეს არის 810, მაგრამ გასული წლის ბიუჯეტში ისეთი ხარჯები იყო გათვალისწინებული, რაც წელს აღარ არის. მაგალითად: ოლიმპიადის 29 მილიონი, 21 მილიონი იყო უსაფრთხოების სამსახურის ხარჯი, რომელიც შსს-ში გადავიდა, 9 მილიონი - დინამოს სტადიონის რეკონსტრუქციის ხარჯი, ეს თანხები რომ ვიანგარიშოთ, დაახლოებით 65-66 მილიონს მივიღებთ. შემოსულობების ნაწილშიც აშკარა ზრდა შეინიშნება: შარშან ამ დროს შემოსულობების რაოდენობა იყო დაახლოებით 736 მილიონი და დღევანდელ პარამეტრთან შედარებით 74 მილიონით არის მომატებული. ფაქტია, რომ ისეთ თემების გამო გვაკრიტიკებენ, რაშიც თვითონ დანაშაული აქვთ ჩადენილი. დღეს ორი არჩევანი გვაქვს: ან თბილისი საბავშვო ბაღების გარეშე დარჩეს, ან - ხელფასები გავზარდოთ. სამწუხაროდ, ხშირად ჩვენ ცუდსა და უარესს შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება და ეს "ნაციონალური მოძრაობის"  დამსახურებაცაა. რაც შეეხება მგზავრობას, აქაც, ყველა სოციალურად დაუცველს აქვს შეღავათი... ბოლოს კი გეტყვით, რომ მე მათი მოთხოვნები უბრალო, პოპულისტურ განცხადებებად მიმაჩნია".

ხათუნა ჩიგოგიძე