2014 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა 29 150,5 მლნ ლარი შეადგინა

2014 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა დაზუსტებული მონაცემებით, მიმდინარე ფასებში 29 150,5 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 8,6 %-ით აღემატება.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2014 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა წინა წელთან შედარებით 4,6 %-ით განისაზღვრა, ხოლო დეფლატორი 3,8 %-ით გაიზარდა. საქსტატის ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში უდიდესი წილი ვაჭრობის (17,5 პროცენტი) და მრეწველობის (16,9 პროცენტი) სექტორებს უკავია. შემდეგ პოზიციებს იკავებენ - ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10,4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (9,9 პროცენტი), სოფლის მეურნეობა (9,3 პროცენტი), მშენებლობა (7,1 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური დახმარება (6,0 პროცენტი).

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში - მშენებლობა (13,1 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (9,9 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (8,1 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (7,3 პროცენტი), ვაჭრობა (5,8 პროცენტი), ტრანსპორტი (5,8 პროცენტი). კლება აღინიშნა ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილებაში (2,4 პროცენტი).