უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე ”გალერეა თბილისის” პროექტს წარადგენენ

კომპანია ”Colliers International საქართველოს” ოფისი წელს, კანში, უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა MAPIC 2015-ზე ”გალერეა თბილისის” პროექტს წარადგენს. ამის შესახებ ”Colliers International საქართველოს” მმართველმა დირექტორმა, ირაკლი კილაურიძემ bpn.ge-სთან საუბრისას განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ”Colliers International საქართველოს” ოფისის მიზანია, მოიძიოს და მოლაპარაკებები აწარმოოს იმ საერთაშორისო ბრენდებთან, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოს ბაზრით და სურვილი აქვთ წარმოდგენილები იყვნენ თბილისის ცენტრალურ ადგილას, რუსთაველის გამზირზე, თანამედროვე სავაჭრო ცენტრში.

”MAPIC-ზე 18-20 ნოემბერს დაგეგმილია 40-ზე მეტი შეხვედრა სხვადასხვა ბიზნეს ჯგუფებთან, რომლებიც წარმოადგენენ ცნობილ ბრენდებს რეგიონში, მათ შორის საქართველოში და დაინტერესება გამოხატეს პროექტის მიმართ”, - აღნიშნა ირაკლი კილაურიძემ. მისივე განმარტებით, ”გალერეა თბილისის” პროექტი წარმოადგენს რუსთაველის გამზირზე ყოფილი ე.წ. უნივერმაღის შენობის გარდაქმნას თანამედროვე სავაჭრო და გასართობ ცენტრად, რომელიც 2017 წლის ბოლოს გაიხსნება. ”პროექტის ინვესტორი და დეველოპერი Georgian Co-Investment Fund-ია, რომელიც პროექტის განხორციელებაში დაახლოებით 75 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს. ახალ ცენტრში წარმოდგენილი იქნება 100-ზე მეტი საერთაშორისო სავაჭრო, საკვები და გასართობი ობიექტი, რომლის დიდი ნაწილი საქართველოში პირველად იქნება წარმოდგენილი”, - აღნიშნავს ირაკლი კილაურიძე.