დავით ნარმანია: თბილისის მერია მომავალი წლის ბიუჯეტით მოსახლეობას ორ ახალ პროგრამას შესთავაზებს

თბილისის მერია მომავალი წლის ბიუჯეტით მოსახლეობას ორ ახალ პროგრამას შესთავაზებს, - ამის შესახებ დღეს საკრებულოში თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.  დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის პარამეტრებთან და პროგრამებთან დაკავშირებით. დედაქალაქის მერის განცხადებით, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მთავარი პრიორიტეტები კვლავ უცვლელია - ეს არის ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოწყობა, საბავშვო ბაღები, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და ქალაქის გამწვანება.

"ჯანდაცვა და სოციალური პროგრამების დაფინანსება იზრდება ისევე, როგორც სხვა პრიორიტეტების დაფინანსება. თანამოქალაქეებს ორ ახალ პროგრამას შევთავაზებთ ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კუთხით, რაც მათ მდგომარეობას უფრო მეტად გააუმჯობესებს და საჭიროებებს, რომელიც მათ გააჩნიათ ადეკვატურად უპასუხებს ეს პროგრამები. ჩვენ წელს არ დაგვრჩენია არც ერთი ადამიანი, რომელსაც არ დავეხმარეთ იქნება ოპერაციების დაფინანსება, თუ სხვა სოციალური შემწეობები. მათ შორის ჩვენ შეზღუდული შესაძლებლობების პირებზე ცალკე ახალი პროგრამები გავაკეთეთ და ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ ჩვენი მოქალაქეებისათვის. დავინახეთ დამატებითი საჭიროებები და ამ საჭიროებებსაც ახალი პროგრამების მეშვეობით ვუპასუხებთ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დედაქალაქის მერმა არ დააკონკრეტა, თუ რომელი ორი ახალი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების პროგრამა ამოქმედდება მომავალ წელს თბილისში.  ნარმანიამ საუბრისას აღნიშნა, რომ ბიუჯეტის საკომიტეტო მოსმენების დროს ჯანდაცვის საქალაქო სამსახური ამ პროგრამასთან დაკავშირებით გააკეთებს განცხადებას და საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას.  "ჩვენ ამ ეტაპზე მოსალოდნელი თანხების შესახებ გვაქვს კონკრეტული წერილობითი შეტყობინება, დადასტურება ფინანსთა სამინისტროდან. მეორე ნაწილი შემოსავლების უშუალოდ ჩვენი მხრიდან ფორმირდება. ეს არის მუნიციპალური ქონების მართვა-განკარგვიდან მიღებული შემოსავლები. აქედან გამომდინარე, შემოსავლებთან დაკავშირებით მეტი რაიმე დაზუსტება საჭირო არ იქნება. ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილთან დაკავშირებით გვექნება კონსულტაციები დამატებით საკრებულოს უმრავლესობასთან და შესაძლებელია გარკვეული ცვლილებები ბიუჯეტის პროექტში შევიდეს", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.