დავით ნარმანია: მერიის ადმინისტრაციის და სახელფასო ხარჯების ზრდა ნავარაუდევი არ არის

2016 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტით, თბილისის მერიის ადმინისტრაციის და სახელფასო ხარჯების ზრდა ნავარაუდევი არ არის, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დღეს თბილისის საკრებულოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.  დავით ნარმანიამ კომენტარი გააკეთა საკრებულოს ოპოზიციური დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომ მომავალი წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტით თბილისის მერიის ადმინისტრაციისა და სახელფასო ხარჯები 7 მილიონით იზრდება.

"სახელფასო ხარჯის რაიმე ზრდა 2016 წლის ბიუჯეტით ნავარაუდევი არ არის, ისევე როგორც ადმინისტრაციული ხარჯების ზრდა. პირიქით, მცირდება საწვავზე ხარჯები, ვიდრე ეს იყო 2015 წელს. ერთადერთი, ჩვენ მომავალ წელს მოგვიწევს აღებული სესხის გასტუმრება, რაც ჯამში საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილშია შესული. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელფასები იზრდება ან აპარატის შენახვის ხარჯები", - განაცხადა დავით ნარმანიამ.