რომელ ხორცპროდუქტს ირჩევს ქართველი მომხმარებელი

ხორცისა და ხორცპროდუქტების ბაზარი სასურსათო ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სეგმენტია, როგორც გაყიდვების თვალსაზრისით, ასევე შეთავაზებული პროდუქციის მრავალფეროვნებით. ამ სახეობის პროდუქტების ბაზრის როლის მნიშვნელობას ამ ჯგუფში შემავალ პროდუქტში არსებული ცხოველური ცხიმების შემცველობა განაპირობებს, რისი მიღებაც ნორმის ფარგლებში აუცილებელია ადამიანის კვების რაციონში. ხორცსა და მზა ხორცპროდუქტებს ქართულ სამზარეულოში ტრადიციულად მნიშნელოვანი ადგილი უკავია. საქართველოს ხორცპროდუქტების ბაზარი დინამიურად ვითარდება და ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში მისი მოხმარება საგრძნობლად იზრდება. დადგენილია, რომ საქართველოს მოსახლეობა წელიწადში დაახლოებით 97,0 ათას ტონა ხორცს მოიხმარს.

საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში 54,8 ათასი ტონა ხორცის წარმოება მოხდა. საქონლის ხორცის წლიური მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე 26 კგ-ს შეადგენს. თუმცა, ეს მაჩვენებელი საგრძნობლად დაბალია შედარებით ევროპის ქვეყნებთან და აშშ-სთან, სადაც წლიურად ერთ სულ მოსახლეზე ხორცის მოხმარება 124 კილოგრამია. ხორცპროდუქტების ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სეგმენტი ბოლო წლებში მზა ხორცპროდუქტებია, რომელსაც ადგილობრივი მომხმარებელი აქტიურად მოიხმარს. სოსისი, ლორი, ნახევრად შებოლილი თუ მოხარშული ძეხვი ქართველი მომხმარებლის საყვარელი მზა ხორცპროდუქტია.  რეალიზაციის ზრდაზე საუბრობენ ადგილობრივი მწარმოებლებიც.

ხორცპროდუქტების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებლის, კომპანია „ნიკორას“ წარმომადგენლის განცხადებით, მიმდინარე წელს „ნიკორას“ ხორცპროდუქტების რეალიზაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„ზრდა დაფიქსირდა მზა ხორცპროდუქტების ყველა კატეგორიაში. როდესაც მომხარებელს სთავაზობ სანდო, სტაბილურად მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი არჩევანის მქონე პროდუქციას, შედეგიც გარანტირებულია“, - აღნიშნავენ „ნიკორაში“.  თუმცა განსაკუთრებით მოთხოვნადი მაინც სოსისის კატეგორიაა, რომელიც ერთნაირად უყვართ როგორც უფროსებს, ისე ბავშვებს. მომხმარებლის აღქმაში სოსისი გემრიელი, სწრაფი, ადვილად მოსამზადებელი და დასანაყრებელი პროდუქტია. სოსისი ასოცირდება ბავშვობასთან, სკოლის წლებთან, სიამოვნებასთან.

„ჩვენს ასორტიმენტში სოსისი „რძიანი“ უპირობო ლიდერია. ჩემი აზრით, სოსისი სიტუაციური ველით ქმნის გარემოს, რომელშიც ქართველ ადამიანს ძალიან სიამოვნებს ყოფნა. ხშირ შემთხვევაში, სოსისი ე.წ. „საკომუნიკაციო“ ჯგუფური დაგემოვნების პროდუქტია. სადაც ეს პროდუქტია, იქ ხშირად ხალხმრავლობა და ხალისია. ეს არის მეგობრული თავშეყრის, ფეხბურთის ცქერის, ლუდის თანაპროდუქტი. გარდა ამისა, მომხმარებელს აძლევს კულინარიული ფანტაზიის თავისუფლებას. მას მოიხმარს ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელი. სოსისი არის საუზმის, სადილის, ვახშმის, ლანჩის შემადგენელი ელემენტი. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ქართველი მომხმარებელისთვის სოსისი საყვარელი, კომფორტული ხასიათის პროდუქტია“, - გვითხრა ამავე კომპანიის წარმომადგენელმა.

ხორცპროდუქტების მწარმოებელთა თქმით, მზა ხორცპროდუქტების შერჩევისას მომხმარებლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა ხარისხი, გემო, ფასი, შემადგენლობა და პროდუქტის ვიზუალი. ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია ბრენდის სანდოობა და მის მიერ შეთავაზებული ასორტიმენტის მრავალფეროვნება.

„აუცილებელია აღინიშნოს, რომ უმნიშვნელოვანესია ყიდვის ადგილი, გარემო აკმაყოფილებდეს სტანდარტებს. არის შემთხვევები, როდესაც შენახვის პირობების დარღვევის გამო ზიანდება პროდუქტის ხარისხი, მომხმარებელი კი ამას მიაწერს მწარმოებელ კომპანიას. ჩვენი რჩევაა, პროდუქტი შეიძინოთ ისეთ ადგილებში, სადაც გარემო შესაფერისია, ტემპერატურული რეჟიმი და ჰიგიენური პირობები - დაცული, მომსახურე პერსონალი კი გრძნობს პასუხისმგებლობას პროდუქციის შენახვის, დალაგებისა და მოვლის თვალსაზრისით“ - აღნიშნეს კომპანიაში.