რუსეთმა ავიალაინერის აფეთქებასთან კავშირში მყოფი ტერორისტების შესახებ ინფორმაციისთვის 50 მლნ დოლარის ჯილდო დააწესა

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ეგვიპტეში რუსული ავიალაინერის აფეთქებასთან კავშირში მყოფი ტერორისტების შესახებ ინფორმაციისთვის 50 მილიონი აშშ დოლარის ჯილდო დააწესა. ამის შესახებ "ინტერფაქსს" უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.

მანამდე, "როიტერმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეგვიპტეში შარმ ელ-შეიხის აეროპორტის ორი თანამშრომელი დააკავეს. როგორც წყარომ სააგენტოს განუცხადა, დაკავებულები სავარაუდოდ, იმ პირებს დაეხმარნენ, რომლებმაც თვითმფრინავის ბორტზე ბომბი დაამონტაჟეს. დაკავებულთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

"როიტერი" იტყობინება, რომ გამოძიების ფარგლებში, ეგვიპტეში 17 ადამიანია დაკავებული.