თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის 206-ე კილომეტრთან აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის 206-ე კილომეტრთან, თერჯოლის გადასახვევთან მდებარე მონაკვეთი, რომელიც ადიდებულმა მდინარე ჩხარამ ორჯერ დააზიანა, აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა.

ნოდარ ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს ქვეყანაში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრის თქმით, ბოლო დღეებში განვითარებულმა სტიქიურმა მოვლენებმა საქართველოს არაერთი რეგიონი დააზარალა. მისივე თქმით, პრობლემები შეექმნა როგორც მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებსა და საკარმიდამო ნაკვეთებს, ასევე საქართველოს გზებსა და ხიდებს. "განსაკუთრებით დაზიანდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთი, მათ შორის რიკოთის გვირაბის მიმდებარე საგზაო მონაკვეთი, ასევე თერჯოლის გადასახვევთან 206 კმ-ზე მდებარე მონაკვეთი. მოძრაობა გადართულია ზესტაფონი-ბაღდათის გზის ქუთაისის მიმართულებაზე", - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, სტიქიამ პრობლემები შეუქმნა შიდასახელმწიფოებრივ გზებსაც, მათ შორის ნოქალაქევი-ბანძა-ხონის, ქუთაისი-ბაღდათის, ძირულა ხარაგაულის, გომი-საჩხერე-ჭიათურის საგზაო მონაკვეთებზეც, თუმცა, ჯავახიშვილის ინფორმაციით, გზის გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები აღნიშნულ მონაკვეთებზე სრულად დამთავრებულია.  მინისტრის განცხადებით, დიდთოვლობისა და ლიპყინულის გამო შექმნილი პრობლემებიც მოგვარებულია. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ჩატარდა გზის გაწმენდითი სამუშაოები და დაყრილია ტექნიკური მარილი. "ამ დროისთვის მოძრაობა დაკეტილია კოდა-ნინოწმინდის გზის 94-110 კილომეტრზე, ასევე გოდერძის უღელტეხილის 106-117 კილომეტრზე. აღნიშნულ მონაკვეთებზე სამუშაოები ძლიერი ქარის ჩადგომის შემდეგ აღდგება", - განაცხადა ჯავახიშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულები და უწყვეტ რეჟიმში იღებენ შესაბამის ზომებს როგორც გზის გაწმენდით, ასევე საავტომობილო გზის აღდგენის და სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ავტომანქანების გამოყვანის თვალსაზრისით. რაც შეეხება სტიქიით მიყენებულ ზარალს, ჯავახიშვილის თქმით, ზარალის ოდენობა ამ დროისთვის უცნობია. თუმცა, სახელმწიფო მზად არის, ზარალი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან აანაზღაუროს.