რომან გოცირიძე: ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატი როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური საზოგადოებისთვის მისაღები პიროვნება უნდა იყოს

ექსპერტ რომან გოცირიძის განცხადებით, ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატი როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური საზოგადოებისთვის მისაღები პიროვნება უნდა იყოს. ამის შესახებ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, ექსპერტების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. "ჩვენ ვართ საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც პრეზიდენტს ვეხმარებით ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის შერჩევაში. თებერვალში გასდის ვადა ეროვნული ბანკის წევრს და დღევანდელ პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს. ჩვენ დავიწყებთ ძებნას იმ ადამიანის, რომელიც შეიძლება იყოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ის იქნება ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტი", - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე არავითარი კანდიდატურა არ დასახელებულა.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, გოცირიძის განცხადებით, კრიტერიუმები არის ძალიან მარტივი, რაც არის განსაზღვრული კანონით.  "ის უნდა იყოს ფინანსისტი, ეკონომისტი, მაღალპროფესიული დონის, მაღალი რეპუტაციის და როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური საზოგადოებისთვის მისაღები პიროვნება", -აღნიშნა გოცირიძემ.