გიორგი კეპულაძე: მისასალმებელია, რომ საზოგადოება ჩართულია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის პროცესში

არასამთავრობო ორგანიზაცია "ბანკები და ფინანსების" ხელმძღვანელის, გიორგი კეპულაძის განცხადებით, მისასალმებელია, რომ საზოგადოების ფართო ნაწილი, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები ჩართულები არიან იმ პროცესში, რასაც ჰქვია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევა, რომელსაც საბოლოო ჯამში ისევ პრეზიდენტი შეარჩევს და წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად. ამის შესახებ გიორგი კეპულაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, ექსპერტების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"ჯერჯერობით ვმსჯელობთ ერთ კანდიდატზე. მოგეხსენებათ, თებერვალში გიორგი ქადაგიძეს ეწურება საბჭოს წევრობის ვადა და ის მისი ადგილმონაცვლე იქნება, თუმცა რა თქმა უნდა, არ არის სავალდებულო, რომ ეს ადამიანი იყოს ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტი. ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი ირჩევა საბჭოს 7 წევრიდან და ისინი წარუდგენენ პრეზიდენტს და შემდეგ ამტკიცებს პრეზიდენტი. თუმცა, მომდევნო წლის ბოლოს ეროვნული ბანკის საბჭოს კიდევ 3 წევრს გასდის ვადა და შეიძლება ამ ეტაპამდე არ იყოს ახალი პრეზიდენტი არჩეული. თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა მთავარია, რომ ჩვენ ახლა შევარჩიოთ ადამიანი, რომელიც იქნება თავის სფეროში – ფინანსებში და ეკონომიკაში გამოცდილი, დასავლური განათლებით, სწორი ღირებულებებით და ფასეულობებით, იქნება კარგი მენეჯერი და მებრძოლი, რადგან მასზე ბევრი რამე იქნება დამოკიდებული", - განაცხადა კეპულაძემ. მისივე თქმით, კანდიდატი დღეს არც მას ჰყავს, თუმცა შემდეგ შეხვედრებზე უკვე ყველა დაასახელებს თავის კანდიდატს.