საინვესტიციო ფორუმი-დისკუსია "ამერიკული ბიზნესი საქართველოში" გაიმართა

ამერიკის სავაჭრო პალატისა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის მხარდაჭერით, დღეს სასტუმრო "თბილისი რუმსში" საინვესტიციო ფორუმი-დისკუსია "ამერიკული ბიზნესი საქართველოში" გაიმართა.

როგორც ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გაზეთ Financial-ის მთავარმა რედაქტორმა ზვიად ფოჩხუამ განაცხადა, ღონიძიებას აქვს ყოველწლიური ხიასიათი. მისივე თქმით, ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და ოფიციალურად 80-ზე მეტი კომპანია დარეგისტრირდა.  როგორც ფოჩხუამ განმარტა, ამერიკულ ბიზნესში იგულისხმება არა მხოლოდ უშუალოდ ამერიკული კომპანიები, არამედ დასავლურ ინვესტიციები. მისივე თქმით, წელს არის განსაკუთრებული ყურადღება ამ ფორუმის მიმართ, რადგან თვითონ ქვეყანაში არსებული გარემო ხელს უწყობს, რომ დისკუსია უფრო აქტიურად გაიმართოს, კომპანიებმა თავიანთი ინტერესები დაიცვან.  "ამავე დროს, ქვეყანა საჭიროებს ინვესტიციებს, ნებისმიერი შესაძლებლობა კომპანიებისთვის არის სასარგებლო, რომ მოხდეს მათ შესახებ ინფორმაციის გატანა, საინვესტიციო პროექტების წარმოჩენა ან პირიქით, პრობლემების საჯარო გახმოვანება", - განაცხადა ფოჩხუამ. მისივე თქმით, ფორუმის ერთ-ერთი მთავარი მესიჯი არის მოწოდება მთავრობის მიმართ, რომ გადახედოს პრაქტიკას კომპანიების ქონების არამართლზომიერ დაყადაღებასთან დაკავშირებით. ღონისძიებაზე სხვადასხვა კომპანიამ საკუთარი საქმიანობის შესახებ პრეზენტაციები გამართა. დამსწრე საზოგადოებას თითოეული გამომსვლელისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდათ.

როგორც "იმპერიალ ტობაკოს" კორპორატიულმა დირექტორმა ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატისა და გარემოს შექმნა, რომელიც უფრო მეტ უცხოურ პირდაპირ ინვესტიციას მოიზიდავს, რაც თავის მხრივ, არის ეკონომიკის ერთ-ერთი მასტიმულირებელი ფაქტორი.  "შესაბამისად, მნიშვნელოვანია კომუნიკაცია ბიზნესსა და სახელმწიფო სექტორის შორის. დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება ამერიკული ბიზნესის, ინვესტიციების არსებობას საქართველოში, იმ პრობლემატიკას, რომელიც არსებობს, როგორც საკანონმდებლო ბაზაში, ასევე სხვადასხვა ტიპის კომუნიკაციაში. ამდენად მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა ისაუბროს იმაზე, თუ რა გეგმები აქვს. ბიზნესს ესმოდეს იმის შესახებ, რა გეგმები აქვს სახელმწიფოს ამა თუ იმ ინდუსტრიასთან მიმართებაში. რას უნდა ელოდოს ის, რამდენად სტაბილური იქნება საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში", - განაცხადა ნადარეიშვილმა.

მისივე თქმით, სხვადასხვა ბიზნესს სხვადასხვა პრობლემატიკა აქვს. რაც შეეხება თამბაქოს ინდუსტრიას, ნადარეიშვილი სააქციზო პოლიტიკის გაუმჭვირვალობასა და სახელმწიფოს მხრიდან გრძელვადიანი ხედვის არქონაზე საუბრობს. საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენერალური მდივანის ზურაბ კაჭკაჭიშვილის თქმით, ღონისძიების მიზანი არის ის, რომ პრობლემების იდენტიფიცირება მოხდეს და გამოიძებნოს ის გზები, თუ როგორ უწამლონ მათ.  "დღევანდელ დღეს საქართველოს როგორც არასდროს ესაჭიროება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ვინაიდან ჩვენი ეკონომიკა არ არის ისეთ მძლავრი, რომ მხოლოდ მის მხრებზე იდოს საქართველოს ეკონომიკური ცხოვრება, ამიტომ აუცილებელია, რომ ყველა იმ პატარა შეკითხვასაც, რომელიც შეიძლება, უცხოელ პოტენციურ ინვესტორს გაუჩნდეს, პასუხი უნდა გვქონდეს. საქართველოს გარდა, დღევანდელ მსოფლიოში მრავალია ისეთი ქვეყანა, რომელიც თუ მეტი არა, არანაკლებ მიმზიდველი შეიძლება იყოს საქართველოზე, შესაბამისად, ჩვენ რაღაცით მაინც უნდა გამოვირჩეოდეთ, რომელიც უცხოელ ინვესტორს საქართველოზე შეაჩერებინებს არჩევანს", - განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენერალურმა მდივანმა უფრო მეტი გამჭვირვალობის, ბიზნესსაზოგადოებასთან უფრო მეტი კომუნიკაციისა და მეტი კონსულტაციების აუცილებლობაზე ისაუბრა.