Telecom Italia Sparkle აფართოებს Seabone მაგისტრალს კავკასიის რეგიონში და თბილისში ინტერნეტის რეგიონალური დაერთების წერტილს (PoP)  ქმნის

ახალი დაერთების წერტილი (PoP) საქართველოს ლიდერ პროვაიდერ სილქნეტთან და თურქეთის უმსხვილეს ოპერატორ Turkcell Superonline-თან პარტნიორობის ფარგლებში იქმნება

დღეს, თბილისში, სასტუმრო რედისონში, იტალიურმა კომპანიამ Telecom Italia Sparkle საქართველოს ლიდერ პროვაიდერ სილქნეტთან და თურქეთის უმსხვილეს ოპერატორ Turkcell Superonline-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. მემორანდუმის ფარგლებში თბილისში ფართოზოლოვანი ინტერნეტის რეგიონალური დაერთების წერტილის, ე.წ. PoP-ის შექმნა იგეგმება. რისი საშუალებითაც, Telecom Italia Sparkle რეგიონის ძირითადი ინტერნეტ პროვაიდერების, ასევე ფიქსირებული და მობილური ოპერატორების და სატელევიზიო კონტენტის მომწოდებლების მოთხოვნას დააკმაყოფილებს. „თბილისში იქნება ჰაბი, ანუ დაერთების წერტილი, საიდანაც მოხდება უმაღლესი ხარისხის ინტერნეტის და სატელეკომუნიკაციო სერვისების დისტრიბუცია არამარტო საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში. საქართველო არის და იქნება რეგიონული ცენტრი“,  - განაცხადა კომპანია "სილქნეტის" დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა.

"სილქნეტის"  ინფრასტრუქტურაზე აგებული ნეიტრალური დაერთების წერტილი სრულად უზრუნველყოფს კავკასიის რეგიონის გაზრდილ მოთხოვნას, მიიღოს უმსხვილესი ინტერნეტ პროვაიდერის IP ტრანზიტი Telecom Italia Sparkle-ის Seabone ინფრასტრუქტურის გავლით. პროექტის ფარგლებში, Telecom Italia Sparkle-ის ოპერირება აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით კიდევ უფრო გაიზრდება, რაც კომპანიის გლობალური ინტერნეტის სატრანზიტო არხის, Seabone-ის ხარისხის გათვალისწინებით, რეგიონში ინტერნეტის ხარისხსაც გააუმჯობესებს.  Telecom Italia Sparkle-ის უმსხვილესი საერთაშორისო IP სატრანზიტო მაგისტრალი - Seabone, ევროპის, ლათინური ამერიკის და შუა აღმოსავლეთის სატელეკომუნიკაციო ქსელების ლიდერია. გლობალური მოთამაშის სტატუსის გამყარებასთან ერთად, Seabone-ის პრიორიტეტს ამ ეტაპზე ასევე წარმოადგენს რეგიონალური მიმართულებები აზიის და აფრიკის ჩათვლით, სადაც კომპანიამ უკვე დაიმკვიდრა ლიდერის პოზიცია.

Telecom Italia Sparkle-ის შესახებ

Telecom Italia Sparkle, რომლის მიზანი იტალიის სატელეკომუნიკაციო კომპანიის საერთაშორისო მიმართულების კონსოლიდაცია და განვითარებაა, Telecom Italia Group-ის (NYSE:TI) შემადგენლობაში შედის. როგორც 570 000 კილომეტრი ბოჭკოვანი მაგისტრალის მფლობელი გლობალური მომწოდებელი, Telecom Italia Sparkle საერთაშორისო ბაზარზე სატელეკომუნიკაციო სერვისების სრული სპექტრით არის წარმოდგენილი ფიქსირებული და მობილური სერვისების, ასევე კონტენტის მომწოდებლებისთვის IP, Data, Cloud, Data Center და მობილური სატელეკომუნიკაციო სერვისების ჩათვლით.

"სილქნეტის" შესახებ

საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიდერი კომპანია სილქნეტი მომხმარებელს კომერციული, საბითუმო და საცალო სატელეკომუნიკაციო პროდუქტების ფართო არჩევანს თავაზობს, მათ შორის ფიქსირებულ ინტერნეტს, სატელევიზიო კონტენტსა და სატელეფონო სერვისებს. 8,000 კილომეტრიანი ბოჭკოვანი ქსელით, სილქნეტი უდიდესი სტრატეგიული პარტნიორია რეგიონის ყველა ადგილობრივი, რეგიონული თუ გლობალური მოთამაშისთვის. მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და აქცენტი ხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებაზე სილქნეტს შესაძლებლობას აძლევს, შეინარჩუნოს ნდობა და მოწინავე პოზიცია რეგიონის სატელეკომუნიკაციო ბაზარზე.

Turkcell-ის შესახებ

Turkcell სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების მომწოდებელი კომპანიაა, რომელიც 2015 წლის სექტემბრიდან დღემდე 9 ქვეყანაში 68.1 მილიონ მობილურ, ხოლო თურქეთში 1.4 მილიონ ფიქსირებულ მოხმარებელს ემსახურება. Turkcell გლობალურ ოპერატორებს შორის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სწრაფ ინტერნეტზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, არსებული 3G ქსელის გაძლიერება HSPA+ ტექნოლოგიის დანერგვით შეძლო. 3C-HSDPA და DC-HSUPA სისტემების ინტეგრაცით, თურქსელი პირველი მობილური ოპერატორია, რომელმაც 3G ინფრასტრუქტურაზე ჩამოტვირთის სიჩქარე 63.3 მბ/წმ-მდე, ხოლო ატვირთვის - 11.5 მბ/წმ-მდე გაზარდა. მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი 34500 კილომეტრიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით, Turkcell შესაძლებელს ხდის „აბრეშუმის გზის ბოჭკოვანი გზით ჩანაცვლებას“. კომპანია პირველი ოპერატორია, რომელიც თურქეთის მოსახლეობას 1000მბ/წმ-მდე სიჩქარის ოპტიკურ ინტერნეტს აწვდის. 2015 წლის მონაცემებით, თურქსელის 2G ინფრასტრუქტურა 99.81%-ით, ხოლო 3G - 94.14%-ით არის ათვისებული. ჯგუფის შემოსავლებმა 2015 წლის სექტემბრისთვის 3.4 მილიარდი თურქული ლირა (1.2 მილიარდი აშშ დოლარი), ხოლო მთლიანმა აქტივებმა 20.6 მილიარდი თურქული ლირა (6.8 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგინა. 2000 წლის ივლისიდან Turkcell ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე (NYSE) და BIST-ზე არის რეგისტრირებული. ის ასეთი რეგისტრაციის მფლობელი ერთადერთი თურქული კომპანიაა.

R