ბელგიელი ბიზნესმენებისთვის საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობით ბელგიაში საქართველოს საელჩოში ადგილობრივი ბიზნეს წრეების წარმომადგენლებისთვის საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, , ღონისძიებას ბელგიის 30-მდე მსხვილი ბიზნეს გაერთიანების, საინვესტიციო კომპანიებისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  საქართველოს მხრიდან ბელგიელ ბიზნესმენებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მიმართეს. ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ევროპულ მისწრაფებას და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის პრიორიტეტულია ევროკავშირის სახელმწიფოებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება, რის საფუძველსაც ასოცირების შესახებ შეთანხმება და ღრმა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის რეჟიმი იძლევა. შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოში ბელგიის ბიზნეს დელეგაციის პირველი ვიზიტი, რომელიც გასულ წელს განხორციელდა.

საქართველოს მთავრობის წევრებმა ბელგიელ ბიზნესმენებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს რეგიონალურ და სატრანზიტო მნიშვნელობაზე, ეკონომიკური და ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე. მინისტრებმა ბელგიის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს ასევე გააცნეს სხვადსხვა წამყვან საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიცია. ბელგიელ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში საინვესტიციო პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი პერტაიამ წარადგინა.