"აუცილებელია, ბიზნესი ადრეულ ეტაპზე ჩაერთოს კანონპროექტების განხილვაში"

სასტუმრო "თბილისი რუმსში" ამერიკის სავაჭრო პალატისა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის მხარდაჭერით გამართულ ფორუმზე საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მიღწევებსა და პრობლემებზე ისაუბრეს.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენერალურმა მდივანმა ზურაბ კაჭკაჭიშვილმა აღნიშნა, რომ ღონიძიების მიზანია, მოხდეს პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზები გამოიძებნოს.

"დღევანდელ დღეს საქართველოს, როგორც არასდროს, ესაჭიროება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ვინაიდან ჩვენი ეკონომიკა არ არის ისეთ მძლავრი, რომ მხოლოდ მის მხრებზე იდოს საქართველოს ეკონომიკური ცხოვრება. ამიტომ აუცილებელია, რომ ყველა იმ პატარა შეკითხვაზეც, რომელიც შეიძლება, უცხოელ პოტენციურ ინვესტორს გაუჩნდეს, პასუხი უნდა გვქონდეს. საქართველოს გარდა, დღევანდელ მსოფლიოში მრავალია ისეთი ქვეყანა, რომელიც თუ მეტი არა, არანაკლებ მიმზიდველი შეიძლება იყოს საქართველოზე, შესაბამისად, ჩვენ რაღაცით მაინც უნდა გამოვირჩეოდეთ, რაც უცხოელ ინვესტორს საქართველოზე შეაჩერებინებს არჩევანს", - განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენერალურმა მდივანმა პრობლემების რამდენიმე ძირითადი ჯგუფი გამოყო.

"პირველი ეს არის კანონმდებლობა. ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში ძალიან ხშირად იცვლება კანონები. ახლები ისე მიიღება, რომ უმეტეს შემთხვევაში, ბიზნესსაზოგადოებასთან არც კი ტარდება კონსულტაციები, შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში, ბიზნესი პოსტფაქტუმ იგებს, რომ ესა თუ ის კანონი შეიცვალა, ან მიღებული იქნა. აქ მივდივართ იმ პრობლემამდე, რასაც ჰქვია კომუნიკაცია. ნებისმიერმა ბიზნესმენმა უნდა იცოდეს, რა კანონი შეიძლება იქნას მიღებული და რანაირად შეიცვლება ბაზარი, მაგრამ გარდა ამისა, აუცილებელია, უფრო ადრინდელ ეტაპზე ჩაერთოს ბიზნესი ამ კანონპროექტების განხილვაში, ვინაიდან სხვა შემთხვევაში მთავრობა ვერასდროს გაიგებს ზუსტად, თუ რა სჭირდება ბიზნესს, რა იქნება ბიზნესისთვის უკეთესი", - განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.

მისივე თქმით, გარკვეულ სფეროებში საქართველოში სპეციალიზირებული, კარგად მომზადებული კადრების ნაკლებობა შეიმჩნევა. "მაგალითად, ერთ-ერთმა უცხოელმა ინვესტორმა საქართველოში ელექტროინჟინერზე კონკურსი გამოაცხადა. როდესაც იგი შესაფერის კადრს ეძებდა და უნივერსიტეტსაც კი მიმართა, მას უთხრეს, ასეთი კადრი რომ გვყავდეს, ჩვენთან მოვიწვევდით ლექციების წასაკითხადო. ამიტომ ხშირ შემთხვევაში ინვესტორი უბრალოდ იძულებულია, ჩამოიყვანოს თავისი მუშახელი, მომზადებული კადრი, რაც ჩვენთან უკმაყოფლებას იწვევს, მაგრამ თუ ჩვენ დავფიქრდებით, საკმარისია გაჩნდეს კვალიფიცირებული მუშახელი საქართველოში და დარწმუნებული ვარ, რომ სამუშაოს პოვნის პრობლემა არ ექნებათ. ეს ალბათ, ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა იმისთვის, რომ უცხოელმა ინვესტორმა საქართველოში შემოსვლაზე იფიქროს", - განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.

ნათია რუხაძე