ხორცპროდუქტების ეტიკეტირების წესი მომავალი წლიდან იცვლება

მომავალი წლიდან ხორცპროდუქტების ეტიკეტირების წესი შეიცვლება - ხორცპროდუქტებზე ხორცის შემადგენლობის დაწერა სავალდებულო გახდება.

ამის შესახებ "მომხმარებელი. ჯის" მთავარმა რედაქტორმა ლია თოდუამ "პალიტრა TV"-ის გადაცემა "საქმეში" საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მომავალი წლიდან საქართველო ვალდებულია შემოიღოს ევროკავშირის ეტიკეტირების ნორმები, რაც გულისხმობს ხორცპროდუქტებში ხორცის როგორც რაოდენობის, ასევე ზუსტი შემადგენლობის მითითების ვალდებულებას ეტიკეტზე.

"ევროკავშირში დარეგულირებულია, თუ რა ითვლება ხორცად. მაგალითად, შიგნეულობა, ცხიმები, შემაერთებელი ქსოვილი - ხრტილები ან თავ-ყბა, თავ-ფეხი - ასეთი რაღაცები არ ითვლება ხორცად. ხორცი უნდა იყოს ჩვეულებრივი კუნთოვანი ქსოვილი, დაშვებული რაოდენობის ცხიმით და შემაერთებელი ქსოვილით. ამ შემთხვევაში შეგვიძლია მივუთითოთ, ეს კარგი ხორცი რა რაოდენობითაა პროდუქტში. ეს არის ხორცის შემცველობა. თუ გამოყენებულია სუბპროდუქტები, ის ცალკე მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული შემადგენლობაში", - აღნიშნა ლია თოდუამ.

მისივე თქმით, მომავალი წლიდან, ინფორმაცია პროდუქტის შესახებ გაიზრდება. "მომავალი წლიდან, როცა ჩვენ ევროკავშირის ნორმებზე გადავალთ, ნელ-ნელა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს პროდუქტი, გაიზრდება", - განაცხადა ლია თოდუამ.