ლიდერი ის არის, ვინც ბევრს კითხულობს

"პრინციპი საკმაოდ მარტივია - რეგულარულად უნდა იკითხოთ. ყოველ დილით ერთი საათით ადრე ადექით და ეს დრო გაყიდვების სფეროს შესახებ არსებულ საკითხავ მასალას დაუთმეთ.

გადადეთ გვერდით ყოველდღიური გაზეთები, გამორთეთ ტელევიზორი. ამის მაგივრად, იკითხეთ და მოინიშნეთ მნიშვნელოვანი საკითხები გაყიდვების ტაქტიკისა და სტრატეგიის წიგნებიდან. შეეცადეთ, მოძებნოთ პრაქტიკული იდეები, რომელთა გამოყენებასაც საქმეში შეძლებთ. კარგად გაეცანით ამ იდეებს და დღის განმავლობაში ივარჯიშეთ, რათა ისინი თქვენს ყოველდღიურობას მოარგოთ.

ზოგჯერ მეკითხებიან, რომელი წიგნის წაკითხვა ჯობს. პასუხი მარტივია: გაიგეთ, რას კითხულობენ თქვენი სფეროს წამყვანი სპეციალისტები და მათი რეკომენდაციის მიხედვით იმოქმედეთ. თითქმის ყველა მათგანს აქვს წიგნების საკუთარი კოლექცია, რომლის დახმარებითაც წარმატებას მიაღწია. ამჟამად ბაზარზე დაახლოებით 4 000 წიგნი იყიდება, ყოველწლიურად კი 50-დან 100-მდე წიგნი ემატება. დაიწყეთ საკუთარი კოლექციის შექმნა დღეიდან.

გაყიდვების თემატიკასთან დაკავშირებული ლიტერატურის კითხვას დღეში ერთ საათს თუ დაუთმობთ, კვირაში ერთი წიგნის წაკითხვას შეძლებთ. კვირაში ერთი წიგნი წელიწადში 50 წიგნს უდრის. საშუალო დონის გაყიდვების სპეციალისტი წელიწადში ერთ ან ორ წიგნს კითხულობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ შორის მხოლოდ წაკითხული წიგნების რაოდენობაში არსებული განსხვავებაც კი "მომგებიან პოზიციაში" ჩაგაყენებთ და წამყვან სპეციალისტებს შორის დაგიმკვიდრებთ ადგილს.

უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად 30-დან 50-მდე წიგნის წაკითხვა და გაანალიზებაა საჭირო. თუ ყოველწლიურად 30-დან 50-მდე წიგნს წაიკითხავთ, ეს ყოველწლიურად გაყიდვების სფეროში დოქტორის ხარისხის მიღების ეკვივალენტი იქნება. ყოველდღე კითხვაზე სულ ერთი საათის დახარჯვით თქვენი თაობის ყველაზე ინფორმირებული და კომპეტენტური გაყიდვების სპეციალისტი გახდებით.

თუკი წელიწადში 50 წიგნს წაიკითხავთ, ათი წლის განმავლობაში 500 წიგნი გექნებათ წაკითხული. მათ შესანახად, სულ ცოტა, ახალი სახლის ყიდვა მოგიწევთ, რასაც თქვენი მაღალი შემოსავლის წყალობით შეძლებთ", - ბრაიან თრეისი "გახდი გაყიდვების სუპერვარსკვლავი"