ევროპაში რუსულ გაზს მალე ამერიკული ჩაანაცვლებს

ამერიკული გაზისმიმწოდებლები ევროპულ ბაზარზე რუსულ გაზს კონკურენციას მომავალი წლის თებერვლიდან გაუწევენ, როდესაც ლიტვა აშშ-დან თხევადი გაზის პირველ პარტიას მიიღებს.

„როიტერის“ ინფორმაციით, ამერიკულმა კომპანიებმა საერთო ჯამში 60 მილიარდი დოლარი დახარჯეს საექსპორტო ინფრასტრუქტურის შექმნაზე.

„2019 წელს ევროპაში ამერიკული გაზის მიწოდება სავარაუდოდ, 60 მილიონ ტონას გადააჭარბებს, რაც ევროკავშირს დაეხმარება, შეამციროს რუსეთიდან მიწოდებულ გაზზე დამოკიდებულება“, - წერს „როიტერი“.

Wood Mackenzie-ს დირექტორის სტივენ ორურკის განცხადებით, იმისათვის, რომ ამერიკულ გაზს ევროპაში გზა გადაუკეტოს, „გაზპრომს“ ამჟამინდელი 5,65 დოლარიდან 4 დოლარამდე მოუწევს ფასის დაწევა მილიონი ბრიტანული თერმული ერთეულის მოპოვების სანაცვლოდ.