დიმიტრი ქუმსიშვილი: კულტურული მემკვიდრეობა არის ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი ეკონომიკური აქტივი

კულტურული მემკვიდრეობა არის ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი ეკონომიკური აქტივი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის პროგრამის "ხალხური რეწვის დარგის განვითარება" პრეზენტაციაზე განაცხადა.  დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, აღნიშნული პროგრამა არის საკმაოდ კარგად ჩამოყალიბებული და გამჭვირვალე და მან ხელი უნდა შეუწყოს მეწარმეობის განვითარებას ამავე კონტექსტში. "კულტურული მემკვიდრეობა არის ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი ეკონომიკური აქტივი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია და მათ შორის ხალხური რეწვა არის კულტურული მემკვიდრეობის შემადგენელი ნაწილი. ეს ტრადიცია, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ნამდვილად საჭიროებს მხარდაჭერას. ამ მიმართულებით, მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის ინიციატივა მისასალმებელია, რადგან თვითონ სტრუქტურა ჩამოყალიბებულია საკმაოდ გამჭვირვალედ და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მეწარმეობის ხელშესაწყობად", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ამავე კონტექსტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტურიზმის განვითარებაზეც ისაუბრა.  "ჩვენ ათი თვე დავხურეთ 6%-იანი ზრდით და პრაქტიკულად, 4 950 000 საერთაშორისო ვიზიტორზე გავედით, რაც იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლოს 6 მილიონ საერთაშორისო ვიზიტორზე გავალთ. ამ ვიზიტორებიდან მნიშვნელოვანია თვითონ ტურისტების ნაწილის ზრდა, 67%-ზე ვართ ასული ტურისტებზე. ესა ის ადამიანები, ვინც ჩამოდიან ჩვენთან და ხარჯავენ ფულს. ტურიზმის განვითარების და ხელშეწყობის ნაწილი არის სწორედ ხალხური რეწვა, რომლის პოპულარიზაციაში უნდა მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულმა პროექტმა", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.