საპარტნიორო ფონდს "ნენსკრა ჰესის" ინვესტორი კომპანია K Water-ის ვიცე-პრეზიდენტი ეწვია

საპარტნიორო ფონდს "ნენსკრა ჰესის" ინვესტორი კომპანია K Water-ის ვიცე-პრეზიდენტი, ბიანგ სეუბ ჩოი და საქართველოში კომპანიის წარმომადგენლები ეწვივნენ.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, სტუმრებმა ფონდის მენეჯმენტისგან მოისმინეს ინფორმაცია ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მიმდინარეობის შესახებ. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მომავალი თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს. ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ სტუმარს ფონდის სტრატეგია გააცნო, მაშ შორის, სოფლის მეურნეობის პრიორიტეტსა და ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე ისაუბრა.

"ნენსკრა ჰესის" მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები შემოდგომაზე დაიწყო. ამჟამად მიმდინარეობს გზის მშენებლობა და გეოლოგიური სამუშაოები ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელებისთვის. ჰესის სამშენებლო სამუშაოებს იტალიური Salini Impregilo ახორციელებს. 280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი მესტიაში, მდინარე ენგურის შენაკადზე აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1 მილიარდი აშშ დოლარია.