დავით ნარმანიამ ვაკის გამგებლის და ოთხი საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატურები დაასახელა

დავით ნარმანიამ მერიის 4 საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელობის და ვაკის გამგებლის კანდიდატურები დაასახელა. კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად დავით ნარმანიამ გივი კუბლაშვილი წარადგინა. დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ გივი კუბლაშვილს მდიდარი გამოცდილება აქვს კერძო სექტორში მუშაობის, მათ შორის მრავალი სტრატეგიული პროექტის ხელმძღვანელია.  მისივე თქმით, გივი კუბლაშვილი პროფესიით იურისტია. "დარწმუნებული ვარ, რომ ის მისი პროფესიონალიზმით და შრომისმოყვარეობით, შეძლებს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელობას", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

კიდევ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე, კერძოდ, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად, ნარმანიამ გიორგი ბაგრატიონის კანდიდატურა წარადგინა.  "გიორგი ეკონომიკის დოქტორია, ის ჩვენი მმართველობის პერიოდში, თბილისის მერიაში მუშაობდა. კერძოდ, ხელმძღვანელობდა "თბილსერვის ჯგუფს". მას აქვს როგორც საჯარო სექტორში, ასევე კერძო სექტორში წამყვან პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, ის თავს გაართმევს მასზე დაკისრებულ მოვალეობას", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

რაც შეეხება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურს, მას ნარმანიას გადაწყვეტილებით, ირაკლი გვილავა უხელმძღვანელებს.  "ირაკლი გვილავა 2013 წლიდან კოალიცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო და ამ სფეროში მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქვს", - განაცხადა ნარმანიამ.  ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად კი, ნარმანიამ ნოდარ ჭიჭინაძე წარადგინა. მისი თქმით, ჭიჭინაძე პროფესიონალი ეკონომისტია. ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელნძღვანელად კი, დედაქალაქის მერმა ნინო სულხანიშვილის კანდიდატურა წარადგინა.  "იგი 1993 წლიდან მერიის სისტემაში მუშაობდა. შემდეგ იყო საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი. სხვადასხვა პროექტები აქვს განხორციელებული, მათ შორის გამწვანების კუთხით. კარგი მენეჯერია და დარწმუნებული ვარ, ერთობლივად შევძლებთ ჯანსაღი ეკონომიკური გარემოს ფორმირებას", - განაცხადა ნარმანიამ.

ნარმანიამ ვაკის გამგებლის კანდიდატურაც წარადგინა. მისი თქმით, უკვე ვიცე-მერის, ლაშა აბაშიძის შემცვლელად ნოდარ ტურძელაძეს ასახელებს, რომელიც ბოლო პერიოდში ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილედ მუშაობს.  "იგი აქტიურად იყო ჩართული 13 ივნისის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში", - განაცხადა ნარმანიამ.

დედაქალაქის მერმა ყველა კანდიდატს წარმატება უსურვა და საკრებულოს წარდგენილი კანდიდატების დადგენილი წესით დამტკიცების თხოვნით მიმართა.