მინდია ჯანელიძე ამბობს, რომ საკუთარი ხელფასის ზუსტი ოდენობა არ ახსოვს

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში დანამატი ხელფასზე მეტი არ არის, თუმცა ხელფასები საკმაოდ მაღალია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ განუცხადა. "დანამატი ხელფასზე მეტი ნამდვილად არ არის, თუმცა, იმას ვადასტურებ, რომ ჩვენ უწყებაში საკმაოდ მაღალი ხელფასებია, რადგან იქ მუშაობენ საკმაოდ მაღალკვალიფიციური ადამიანები. შესაბამისად, მათ შესაბამისი ანაზღაურება სჭირდებათ", - განაცხადა ჯანელიძემ.

კითხვაზე, პირადად მას რამდენი აქვს ანაზღაურება, მინდია ჯანელიძემ ზუსტი ციფრი ვერ დაასახელა.  "ჩემი ყოველთვიური ანაზღაურება გამოქვეყნებულია ჩემს დეკლარაციაში. ზუსტად ახლა ციფრები არ მახსოვს", - განაცხადა ჯანელიძემ. მანვე აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაციები მისი ხელფასის ოდენობის შესახებ სწორი არ არის.