სტივ ჯობსი სირიელი მიგრანტის შვილი იყო

ამერიკელმა მოქალაქეებმა "ტვიტერზე" მხარი დაუჭირეს სირიელ ლტოლვილებს, რომელთა მიღებაზეც აშშ-ის ზოგიერთი შტატის ადგილობრივი ხელისუფლება უარს ამბობს, განსაკუთრებით, პარიზში მომხდარი ტერაქტის შემდეგ.

ამერიკელებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს შეახსენეს, რომ კორპორაცია Apple-ის დამფუძნებლის, ლეგენდარული სტივ ჯობსის მამა სირიელი მიგრანტი იყო, რომელიც აშშ-ში 1950-იან წლებში გადაბარგდა.

"სტივ ჯობსი სირიელი მიგრანტის შვილი იყო და გახსოვდეთ ეს, როცა რესპუბლიკელები იტყვიან, რომ სირიელები ქვეყანაში არ უნდა შემოვუშვათ", - დაწერა ერთ-ერთმა მომხმარებელმა "ტვიტერზე".

სტივ ჯობსის ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, რომლის ავტორიც უოლტერ აიზეკსონია, ჯობსის ბიოლოგიურმა მამამ - სირიის ქალაქი ჰომსი 1954 წელს დატოვა და აშშ-ში გადაბარგდა. მომავალი გენიოსის მამამ სწავლა ვისკონსის უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე გააგრძელა, სადაც ჯობსის მომავალი დედა - ჯოანა კეროლ შიბლი გაიცნო. სტივის დაბადების მომენტში - 1955 წელს ისინი არ ყოფილან დაქორწინებულები, რადგან ჯოანას ეშინოდა, რომ მისი ხანშიშესული მამა ვერ გადაიტანდა ქალიშვილის სირიელზე გათხოვებას. საბოლოოდ, წყვილმა გადაწყვიტა, რომ ბიჭუნა პოლ და კლარა ჯობსებისთვის მიეშვილებინა.

სტივ ჯობსს არასდროს ჰქონია ურთიერთობა ბიოლოგიურ მამასთან, თუმცა ეს უკანასკნელი ყოველთვის ცდილობდა შვილთან კონტაქტის აღდგენას.

პარიზში, 13 ნოემბერს მომხდარი ტერაქტიდან რამდენიმე დღეში აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატმა რესპუბლიკელებიდან დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ სერიოზულად უნდა დაფიქრდეს ქვეყნის ტერიტორიაზე მეჩეთების დახურვაზე. მისი თქმით, მეჩეთების დახურვა ტერორისტების ბრძოლის წინააღმდეგ გადადგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ამ დროისთვის აშშ-ის 50 შტატიდან 27-მა უარი თქვა სირიელი ლტოლვილების მიღებაზე.