საქართველოს ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრ აბდულრაჰმან ბინ აბდულმოჰსენ ალ-ფადლის შეხვდა.  საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დროს, ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას.  "ელჩმა და მინისტრმა ისაუბრეს საქართველოდან საუდის არაბეთში ხილის, ჩაის, მინერალური წყლისა და ცოცხალი ცხვრის ექსპორტირების პერსპექტივებზე. აღინიშნა საქართველოსა და საუდის არაბეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის არსებული თანამშრომლობის კარგი გამოცდილება. საქართველო განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სოფლის მეურნეობის სფეროში საუდის არაბეთთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის განვითარებას", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.

მათივე განმარტებით, შეხვედრის ბოლოს საუდის არაბეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს ქართველი კოლეგის, ოთარ დანელიას საქართველოში მოწვევის წერილი გადაეცა.