აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ საკრუიზო ტურიზმის სტრატეგიის განვითარების შესახებ ანგარიში წარადგინა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, მამია ბერძენიშვილმა საკრუიზო ტურიზმის სტრატეგიის განვითარების შესახებ ანგარიში წარადგინა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საკრუიზო ტურიზმის სტრატეგიის ასამოქმედებლად გასატარებელია რიგი ღონისძიებები. კერძოდ, უნდა შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა საკრუიზო გემების მისაღებად; მოხდეს ბათუმის პორტის გაერთიანება საკრუიზო საერთაშორისო ორგანიზაციებში; გატარდეს მარკეტინგული ღონისძიებები ბათუმის პორტის პოპულარიზაციისათვის; მოხდეს შავი ზღვის ქვეყნების ერთიან პლატფორმაში ბათუმის პორტის პოზიციონირება. ასევე, ამ საკითხების მოგვარების გზები, მათი მიზანშეწონილობა და უპირატესობა განიხილეს.  "საკრუიზო ტურიზმის განვითარებისათვის რეგიონში აუცილებელია აჭარის მთავრობისა და ბათუმის პორტის ჩართულობა. ერთი მხრივ ბათუმის, პორტმა უნდა განახორციელოს ინფრასტრუქტურული პროექტები, ხოლო აჭარის მთავრობამ ტურიზმის დეპარტამენტის საშუალებით უნდა აიღოს თავის თავზე რეკლამა და მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელება", - განაცხადა აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ.

ამასთან, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განცხადებით, რეგიონში საკრუიზო ტურიზმის სფეროს არსებული მდგომარეობის შესწავლასა და მისი განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში უცხოელი ექსპერტი დიდი ბრიტანეთიდან - პიტერ უაილდი დაეხმარა. შპს G. P. Wild International-ის წარმომადგენელი ბათუმში გასულ წელს იმყოფებოდა.