რა მოხდება თუ ონლაინსესხს არ გადავიხდით?

საქართველოში უამრავი საკრედიტო ორგანიზაციაა, მათი ნაწილი სესხს სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ მეთოდით გასცემს. რა საშიშროებას უნდა ველოდოთ, თუ ამ სესხს არ დავფარავთ, რა ბერკეტები აქვთ ონლაინ კრედიტორებს ჩვენ წინააღმდეგ, ამის შესახებ bpn.ge არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოება და ბანკების“ საბანკო პროდუქტების ექსპერტ დავით კიკვიძეს ესაუბრა.

დავით კიკვიძე: პირველი და ალბათ პრიმიტიული შედეგი, რაც აუცილებლად დადგება თუ სესხს არ დავფარავთ, არის ის, რომ ჩვენ მოვხვდებით ე.წ. კრედიტინფოს მონაცემთა ბაზაში ნეგატიური ჩანაწერით. ანუ მარტივ ენაზე, რომ ვთქვათ, შავ სიაში და ეს ჩვენი საკრედიტო ისტორიის პირველი სტადია იქნება. ონლაინ სესხების ორგანიზაციებიც სესხის გაცემის დროს, ჩვეულებრივად სარგებლობენ კანონმდებლობით, რომელიც არეგულირებს მოვალესა და კრედიტორის ურთიერთობას. ეს სტანდარტული ხელშეკრულების პირობებია, მასში გათვალისწინებულია ყველა ბერკეტი, რომლის საფუძველზეც კრედიტორს შეუძლია მოვალეს მოსთხოვოს ვალდებულებების დაფარვა. ონლაინმსესხებლები თავდაპირველად ცდილობენ საკუთარი, პრობლემური სესხების სამსახურის მეშვეობით დააფარინონ კლიენტს მიმდინარე ვალდებულებები. მეორე ეტაპზე უკვე გარე კოლექტორებთან, ანუ გარე ამომღებ ორგანიზაციებთან თანამშრომლობენ (ამ ტიპის ორგანიზაციები საქართველოში საკმაოდ ბევრია და ისინი სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტს ემსახურებიან). საბოლოო ჯამში, თუ არც ერთმა და არც მეორე ხერხმა არ იმოქმედა და მსესხებელმა ვალდებულება არ გაისტუმრა, ონლინ მსესხებელს, როგორც კრედიტორს, უფლება აქვს უკვე სასამართლოს გზით მოითხოვოს აღნიშნული ვალდებულების გასტუმრება. შესაბამისად, სასამართლოს კანონი ავალდებულებს, რომ თუ სასესხო ხელშეკრულება არის სათანადოდ გაფორმებული, მის საფუძველზე მევალეს დააკისროს ვალის დაფარვა და აღნიშნულის კონტროლს ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო.

- როდესაც საუბარია ონლაინ სესხზე, აქვს თუ არა ასეთ შემთხვევაში დადებულ ხელშეკრულებას ფიზიკური და ხელმოწერილის სახე?

- რადგანაც ონლაინ სესხთან გვაქვს საქმე, დადებულ ხელშეკრულებას არა აქვს ფიზიკური აღწერილობა ანუ მატერიალური, ფურცელზე დაწერილი და ხელმოწერილი სახე, თუმცა როდესაც მსესხებელი ინტერნეტის მეშვეობით ავსებს განაცხადს და ითხოვს სესხს, იქ არის სპეციალური პირობა, რომელიც უნდა მონიშნოს. მასში მითითებულია, რომ მსესხებელი გაეცნო და ეთანხმება ხელშეკრულების პირობებს, ეს უკვე ნიშნავს ხელშეკრულების გაფორმებას, რაც გათვალისწინებულია კანონმდებლობით. რეალურად შეიძლება აღნიშნულს არ გააჩნია ფიზიკური ფორმა - ხელმოწერით დადასტურებული, თუმცა, რადგანაც ეს არის ინტერნეტით შედგენილი ხელშეკრულება, მას ჩვეულებრივი იურიდიული ძალა აქვს და სწორედ მის საფუძველზე მოქმედებენ ონლაინ მსესხებლები. რაც შეეხება ბოლო სტადიას, სასამართლოს აღმასრულებელს უფლება აქვს დაუყადაღოს მევალეს მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება ან ანგარიშები. თუ მსესხებელს არ გააჩნია არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება და არც მის სახელზე გაფორმებული რაიმე საბანკო ანგარიში, რომელზეც ხელფასი ან სხვა სახის აქტივი ირიცხება, მაშინ ამ ტიპის მომხმარებელს აღმასრულებელი უკვე აგდებს მოვალეთა რეესტრში. ეს არის სახელმწიფო შავი სია ანუ სახელმწიფო დონეზე რეგულირებადი მონაცემთა ბაზა, სადაც აღრიცხულია აბსოლუტურად ყველა მოვალე, დაწყებული ფინანსური ორგანიზაციების მევალეებით დამთავებული ბიუჯეტის წინაშე მევალეებით. ყველა ადამიანი, რომელსაც რაიმე სახის ვალდებულება აქვს გადაუხდელი და ამ ვალდებულების დაფარვის კონტროლს ახორციელებს აღმასრულებელი, ირიცხება ასეთ ე.წ. მოვალეთა რეესტრში და შემდეგ ინახება დაახლოებით 5 წლის განმავლობაში. ამ ხნის მანძილზე თუ მსესხებელს რაიმე, ნებისმიერი სახის აქტივი დაუფიქსირდა თავის სახელზე, ავტომატურად მიემართება აღნიშნული ვალდებულების გასასტუმრებლად.

ქრისტინე გამთენაძე